
დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირება არის კიდევ ერთი აშკარა ნაბიჯი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისკენ, განსაკუთრებით კი, მედიის მიმართულებით, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერი ილია ინჯია დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებას.
როგორც ინჯია წერს, არ არის გამორიცხული ფინანსური ინსტიტუტების დასანქცირებაც, რისგანაც არავინ არის დაზღვეული. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰქონდეს ძლიერი, დამოუკიდებელი ფინანსური ინსტიტუტი.
„დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირება არის კიდევ ერთი აშკარა ნაბიჯი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისკენ, განსაკუთრებით კი, მედიის მიმართულებით.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში რადიკალური მედია საშუალებები ხშირად იყენებენ მიუღებელ ლექსიკასა და სიძულვილის ენას, რისი მრავალი მაგალითიც არსებობს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მედიის შევიწროება არ მომხდარა. საქართველოში ნებისმიერი მედია საშუალება მაუწყებლობს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
დასანქცირების ინსტრუმენტი გამოიყენეს იმ გარე ძალებმა, რომლებიც საქართველოს წარმატებას ეწინააღმდეგებიან და ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერევიან უფრო დიდი პოლარიზაციის გამოსაწვევად.
ცხადია, მსგავსი ბერკეტების გამოყენება და თავდასხმები კიდევ იქნება. არსებობს მრავალი სფერო და მიმართულება, სადაც მსგავსი ზეწოლის გაგრძელება შეიძლება ვიხილოთ.
აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული ფინანსური ინსტიტუტების დასანქცირებაც, რისგანაც არავინ არის დაზღვეული. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰქონდეს ძლიერი, დამოუკიდებელი ფინანსური ინსტიტუტი.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გვაჩვენებს, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი.
დასანქცირების მიუხედავად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სახელმწიფოს მშენებლობა. ყოველი ასეთი თავდასხმა არ გვაშინებს, არამედ გვარწმუნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დამცავი მექანიზმების გაძლიერება.
სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებ „იმედისა“ და POSTV-ის ყველა თანამშრომელს, ჟურნალისტებს, ტექნიკურ პერსონალსა და მენეჯმენტს.
ასევე, მხარდაჭერას ვუცხადებ ჩემს სამშობლოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც დღემდე უპირობოდ იბრძვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის კიდევ მეტად განმტკიცებისთვის და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის!“, - წერს ილია ინჯია.