
„როგორც 105 წლის წინ უნდოდა დაცვა ჩვენს დამოუკიდებლობა, ასევე უნდა დღეს, დღეს შეიძლება კიდევ უფრო მეტად, იმიტომ რომ დღეს დამოუკიდებლობის ხელყოფის ინსტრუმენტები კიდევ უფრო ფართოა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს კოჯორში განუცხადა, სადაც დაღუპული იუნკერების ხსოვნას მატივი მიაგო.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავარი იარაღი მტრის ხელში არის მეხუთე კოლონა, ადამიანები ქართული სახელებით და გვარებით, რომლებიც ატარებენ უცხო ძალების ინტერესებს ჩვენ ქვეყანაში.
„105 წლის წინ, რუსეთის მეთერთმეტე არმია თავს დაესხა დამოუკიდებელ საქართველოს და ამით შეწყვიტა დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა. ჩვენ ეს დღე ორ რამეზე უნდა გვაფიქრებდეს, პირველი - დამოუკიდებლობა არ არის მოცემულობა, რომელიც ერთხელ დგება და თავისთავად გრძელდება, დამოუკიდებლობას უნდა დაცვა. როგორც 105 წლის წინ უნდოდა დაცვა ჩვენს დამოუკიდებლობა, ასევე უნდა დღეს, დღეს შეიძლება კიდევ უფრო მეტად იმიტომ, რომ დღეს დამოუკიდებლობის ხელყოფის ინსტრუმენტები კიდევ უფრო ფართოა. ეს არ არის მარტო ხიშტი, ეს არის დღეს უკვე სიტყვა, ეს არის პროპაგანდა, ეს არის ჰიბრიდული ინსტრუმენტები, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოიყენება. და მეორე, ისევე, როგორც 105 წლის წინ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი იარაღი მტრის ხელში ეს არის მეხუთე კოლონა, ადაიანები ქართული სახელებით და გვარებით, რომლებიც ატარებენ უცხო ძალების ინტერესებს, ჩვენ ქვეყანაში. დღესაც, მეხუთე კოლონა მძლავრობს და ცდილობს, საქართველო დაუქვემდებაროს სხვების დღის წესრიგს, სხვების ინტერესებს. ასე, რომ 25 თებერვალი ჩვენ გვახსენებს ორ რამეს - დამოუკიდებლობას უნდა ყოველდღიური დაცვა და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა ეს და მეორე, მეხუთე კოლონას უნდა ყოველთვის მხილება, ვინაიდან თუკი არ ვამხელთ ქართული გვარ-სახელების ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნების დროშებს აფრიალებენ, დასრულდება იმით, რომ ბოლოს თბილისის თავზე სხვა ქვეყნის დროშა აფრიალდება“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.