
„მთავარსარდალი, რომელიც დედაქალაქს ბრძოლის გარეშე დატოვებს, ის არის მოღალატე“- ამის შესახებ ისტორიკოსმა სიმონ მასხარაშვილმა გენერალი კვინიტაძისა და ნოე ჟორდანიას შესახებ საუბრისას, გადაცემაში „შუადღის პოლიტიკა“ განაცხადა. სიმონ მასხარაშვილს მიაჩნია, რომ გენერალ კვინიტაძის ვერსია, თითქოს თბილისის მცირე ძალით ალყაში მოქცევა შესაძლებელი იყო, სტრატეგიულად მცდარია, ვინაიდან ამას მილიონიანი არმია სჭირდება.
„თბილისი ისე დატოვა ჟორდანიამ და ისე გაიქცა კურდღელივით კურდღელ კვინიტაძესთან ერთად და კვინიტაძე, ჩემი აზრით, მთაწმინდიდან ჩამოსაგორებელია იმიტომ, რომ მთავარსარდალი, რომელიც ბრძოლის გარეშე დედაქალაქს დატოვებს, ის არის მოღალატე. ეს მაშინვე უთხრა ოდიშელიძემ წინა დღეს, რომ შენ რა გინდაო ბოროდინო-მოსკოვი გაითამაშო თბილის მცხეთის მონაკვეთზეო? მცხეთაშიც არ გაუჩერებია მატარებელი. თბილისის ალყაში მოქცევის შანსი რუსებს არ ჰქონდათ იმიტომ, რომ თბილისი რომ ალყაში მოაქციონ მილიონიანი არმია გჭირდება, 10-15 000 ჯარისკაცი ამას არ ეყოფა. მეორე მხარე იყო მანდ, სოციალ-დემოკრატებს არ ჰქონდათ არც იდეოლოგიური პატრიოტიზმი და არც სხვათა შორის, საკმაოდ გადაგვარებულ კვინიტაძეს, რომელიც ისე მოკვდა, ქართული ვერ ისწავლა“, -აღნიშნავს ისტორიკოსი.
ის ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ ქალაქში მობილიზაცია არ იყო გამოცხადებული და მას მოხალისეები იცავდნენ მაშინ, როდესაც შესაძლებელი იყო თავდაცვის ორგანიზება. ისტორიკოსი იხსენებს იმ გმირებს, რომლებიც იქ დარჩნენ და ბრძოლაში დაიღუპნენ.
მისი განცხადებით, 1921 წელს საქართველოს შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა და თბილისის დაცვა:
„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, მისი [კვინიტაძის] ვერსია, რომ ავჭალიდან წრეს დაარტყამ და მანგლისამდე თბილისს ალყაში მოიქცევს ვინმე, ამას სჭირდება მილიონიანი არმია. ჩვენი გეოგრაფიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია. მეორე, როდესაც ქალაქში იჭრება მტერი, ხუთჯერ მეტი ძალა უნდა ჰყავდეს, ვიდრე მის დამცველს იმიტომ, რომ შენ შენს სახლს იცავ, შენ შენი მოსახლეობა გეხმარება. ეს აიგნორებს ამ ფაქტორს - ქალაქის ბრძოლების ფაქტორს. მესამე არგუმენტი - მან მობილიზაცია არ გამოაცხადა და ქალაქს იცავდნენ მოხალისეები. ერთი კაცი უნდა აღვნიშნო, გვარდიის ოფიცერი, რომელმაც ხელი დაკარგა ფაქტობრივად, ვერ იყენებდა ხელს, გმირულად იბრძოდა, უბრალოდ, შემთხვევით გადაურჩა. ცეკას არქივს გავეცნოთ და ვნახავთ, რომ არასოდეს უთანამშრომლია, არავინ დაუბეზღებია- ქართული ბოტანიკური მეცნიერების მამამთავარი, ნიკო კეცხოველია ეს გმირი ოფიცერი. რატომღაც არ ვიხსენებთ გმირ ნიკო კეცხოველს, რომელიც კვინიტაძის მსგავსად კურდღელივით არ გაიქცა და დარჩა. არ ვიხსენებთ იმ ადამიანებს, იგივე სტეფანე ახმეტელს, რომელიც დარჩა და დახვრიტეს. მათ შორის, დარჩა გენერალი ბენაშვილი, რომელმაც დააარსა ტექნიკური უნივერსიტეტი, მერე დახვრიტეს. მათ რატომღაც არ ვიხსენებთ და რაზე ვლაპარაკობთ. რუსულ საიმპერატორო საზოგადოებაში იყო გაწევრიანებული და რუსული საიმპერიო არმიის ოფიცერთან ერთად ზეიმობდა და ისე ჩაძაღლდა ქართული ვერ ისწავლა. იმას მე როგორ დავუჯერო, რასაც ის არგუმენტებს გვაწვდის. იმ დღეს, როცა მთავარსარდლად დაინიშნა ცოლს დეპეშა გაუგზავნა, რომ მოემზადე გასაქცევადო.
1921 წელს ჩვენ შეგვეძლო რომ არ დავცემულიყავით. სხვა თემაა მერე შევინარჩუნებდით თუ არა, მაგრამ ვიტყვი რამდენიმე რამეს. 1921 წელს ჟორდანიას მთავრობას ოსმალეთისთვის რომ კარი არ გაეღო, ოსმალეთი - ათათურქისთვის და უომრად არ დაეთმო ის ტერიტორიები, თუ მაინც გაქცევას აპირებდნენ, ყოველ შემთხვევაში საბჭოთა კავშირში საქართველო ტაო-კლარჯეთის უდიდესი ნაწილით აღმოჩნდებოდა“, - აცხადებს მასხარაშვილი.