
"ბოლო დროს, პოლიტიკური ოპონენტებისთვის დამახასიათებელია, ხელისუფლების ნებისმიერი, უკლებლივ ყველა გადაწყვეტილების გაკრიტიკება. ცდილობენ, არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, დროებით მაინც შექმნან შთაბეჭდილება, რომ ცუდი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. ამ შემთხვევაშიც ასეა, თითქოს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე შეძლებს მუშაობის უფლების მოპოვებას. არანაირი თანხის გადახდა, არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს დასაქმების ნებართვის მიღებას", - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის სამუშაო ნებართვის მისაღებად, უნდა შეივსოს განაცხადი, რომლის დამუშავების შემდეგაც იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება.
"საფასური, რაზეც საუბარია, არის სახელმწიფო მომსახურების მოსაკრებელი. ზუსტად ისეთივე, როგორსაც მაგალითად, სასამართლოში სარჩელის შეტანისას იხდიან. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ სარჩელი დაკმაყოფილდება?! დაახლოებით იგივეა ამ შემთხვევაშიც - უცხოეთის მოქალაქე, აკეთებს განაცხადს, რისთვისაც ხიდის მოსაკრებელს, თუმცა, დაკმაყოფილდება თუ არა, ამას შესაბამისი უწყება, კონკრეტული ნორმატიული აქტების საფუძველზე გადაწყვეტს. მაგრამ ცალკეულ შემთხვევაში, იმთავითვე გამოირიცხება დასაქმების ნებართვის მოპოვება, საუბარია გიდების, ტაქსისა და საკურიერო მომსახურებებზე. ამ სამ მიმართულებაში, არავითარი ობიექტური საჭიროება არ არსებობს, უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებისა, ბაზარზე არსებული მოთხოვნა, თავისუფლად შეიძლება დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქეების მიერ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.