
მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო ფორუმი იმართება, ფორუმზე კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მიერ არის ქართული მხარე მიწვეული და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა აშშ-ში „სუვერენული ერების ალიანსის“ სამიტზე ქართული დელეგაციის ვიზიტზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი საკითხები არის ანარეკლი იმ პოლიტიკის, რასაც დონალდ ტრამპის ხელისუფლება აწარმოებს აშშ-ში.
„ეს არის ერების სუვერენიტეტზე ორიენტირებული პოლიტიკა, როდესაც სახელმწიფოები საკუთარ ეროვნული განვითარების პრიორიტეტებს ქმნიან და ადგენენ, როგორც პოლიტიკური დღის წესრიგის ამოსავალ წერტილს.
იმ ზღვა ნეგატივის ფონზე, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ დატოვა, მსგავსი ვიზიტები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს კიდევ უფრო მეტად ქმნის იმედს და შესაბამის წინაპირობას, რომ ორი ერის ურთიერთსასარგებლო წიაღზე მოხდება ურთიერთობის გადატვირთვა ახალი ფურცლიდან.
ამ ყველაფრის საფუძველი არის იდენტური, ერთმანეთზე მიმსგავსებული ხედვები, რომელიც გააჩნია, როგორც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, ისე საქართველოს ხელისუფლებას“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია, რესპუბლიკელ კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მიწვევით, აშშ-ში „სუვერენული ერების ალიანსის“ სამიტს დაესწრება.