
ეს „საბოტაჟის საქმე“ არის პოლიტიკური პროცესი. ერთ-ერთ ამერიკულ წამყვან გაზეთში გამოდის ჩემი სტატია, სადაც დეტალურად არის აღწერილი ყველაფერი ამ სასამართლოს შესახებ, ზვიგენისა და საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ - ეს არის ჩემი საჩუქარი თქვენდამი და ზვიგენის პატრონის მიმართ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, „ბათუმის განადგურება და გაუგონარი რჯულის ხალხის საქართველოში ჩამოსახლებაა“ სწორედ საბოტაჟი.
„თქვენ „საბოტაჟის საქმეს“ იხილავთ და აცხადებთ, რომ კარგისა და ცუდის გარჩევა შეგიძლიათ, კი ბატონო! ვისაუბროთ! 2012 წლის ოქტომბერში ამერიკულმა ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა ბათუმში შეწყვიტა არსებობა, რომლის გამოც ამერიკის მთავრობას სახე ავახიე, ოღონდ ფული მოეცათ. ეს უნივერსიტეტი კი ზუსტად 1 დღეში დაიხურა მთავრობის გადაწყვეტილებით. როდესაც სომხეთში ტექნოლოგიების განვითარებისთვის ამდენი ინვესტიცია იდება და ჩვენ ეს [უნივერსიტეტი] რომ გვქონოდა, მთელი ეს ფული საქართველოში წამოვიდოდა. ამით საქართველომ მილიარდობით დოლარი და ბევრი ახალგაზრდისთვის განვითარების საშუალება დაკარგა. არ ვიცი ქალბატონო მოსამართლევ, ალბათ ნორმალურად მიგაჩნიათ ამ უნივერსიტეტის დახურვა, ათასობით სტუდენტის განათლებისა და საქართველოს პერსპექტივის გარეშე დატოვება?
2018 წლის ოქტომბერში „პირველი კავკასიური“ არხი დაიხურა, რომელიც ჩვენს პოზიციებს იცავდა რუსულენოვან სივრცეში. პუტინი შუაზე სკდებოდა ოღონდ ეს არხი დაეშალა. საფრანგეთისგან იყიდა 32 თვითმფრინავი რომ ეს არხი ფრანგული სატელიტიდან მოეხსნათ. შემდეგ გადავედით ამერიკულ სატელიტზე. შემდეგ მოვიდა ივანიშვილი და ერთ დღეში დახურა ეს არხი, ერთ დღეში გააკეთა ის, რაც პუტინს 32 თვითმფრინავი დაუჯდა. ეს არის ნამდვილი საბოტაჟის აქტი.
თბილისის შემოვლითი გზა გაჩერდა 2012 წელს. ეს გზა და „ვეფხი და მოყმესთან“ ხიდი რომ ყოფილიყო, თბილისში საცობი არ იქნებოდა.
2013 წლის ოქტომბერში ლაზიკის „ანაკლიის პორტი“ შედიოდა ექსპლუატაციაში, რომელიც პირველ ტანკერებს მიიღებდა. შეჩერდა მშენებლობა და დაიხურა ყველა სასტუმრო, რომელიც იქ იყო. შემდეგ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სცადეს [პროექტის] განახლება ამერიკელებთან ერთად, მაგრამ ამერიკელების ინვესტიციაც მიიხურა. ეს კი არის საბოტაჟის ერთ-ერთი მთავარი აქტი საქართველოს ისტორიაში. რაც მთავარია არ აშენდა ქალაქი ლაზიკა. კარგად იცით, რომ მე ამ პროექტის ამშენებელი ვიყავი.
ასევე, თბილისის თავდაცვის ზღუდე, რომელიც უნდა აგვეგო მცხეთასთან და სომხეთის საზღვართან, ივანიშვილის მთავრობამ პირველივე კვირაში მოხურა და თბილისი ფაქტობრივად დაუცველია რუსეთის შეტევებისგან.
ჯეი დი ვენსი, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი იყო სომხეთსა და აზერბაიჯანში, აქ რატომ არ შემოიარა? მთელი საგარეო პოლიტიკა არის განადგურებული.
2012 წლის ოქტომბერ-ნოემბერში პოლიტპატიმრების კანონით გაშვებულია უამრავი რუსი ჯაშუში... 2013 წელს გაუქმდა ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა, 1500 მასწავლებელი აღარ ჩამოვიდა საქართველოში, არის თუ არა ეს საბოტაჟი?
მთლიანად დაიბლოკა კონტრდაზვერვის მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ და კონტრდაზვერვის თანამშრომლები ზოგი ფიზიკურად განადგურდა,ზოგი გაგდებულ იქნა და ზოგიც დაპატიმრებული. პრაქტიკულად განადგურდა ჩვენი მაღალტექნოლოგიური „დელტას“ წარმოება. თქვენმა მთავრობამ, რომელსაც თქვენ ემსახურებით, მთლიანად შეაჩერა და დახურა ქართული ფრთოსანი რაკეტების პროგრამა, რომელიც უკრაინელებთან ერთად გვქონდა გაკეთებული.
ამ მთავრობამ დახურა დრონების პროგრამა, არის თუ არა ეს საბოტაჟი?
აფეთქდა საყდრისი. თბილისის ქვის ჯუნგლებად ქცევა საბოტაჟი არ არის? ან ბათუმის განადგურება და გაუგონარი რჯულის ხალხის ჩამოსახლება და მთელი უბნების გაჩენა, სადაც ქართულად საუბარს ვერ გაიგონებთ“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.