რეზონანსი
23.02.2026

ე.წ. საბოტაჟის საქმეში სააკაშვილის ბრალდება შეეხება მის განცხადებას, ბიძინა ივანიშვილის ზვიგენთან „სელფის“ გადაღების თაობაზე, ჩვენ „სელფიც“ კი ვერ ვნახეთ - არათუ იურიდიული, კომიკური საფუძველიც კი არ გააჩნია ამ საქმეს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ეს ყველაფერი „მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკური დევნის მოტივაციით“ ხდება.

„ჩვენ ამ საქმეში „სელფიც“ კი ვერ ვნახეთ. შესაბამისად, არათუ იურიდიული, კომიკური საფუძველიც კი არ გააჩნია ამ საქმეს. ყოველგვარი სარკაზმის გარეშე, მართლა, ბრალდება შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ბიძინა ივანიშვილის ზვიგენთან „სელფის“ გადაღების თაობაზე. დაკითხვაც ამის თაობაზე იყო, სისხლის სამართლებრივი დევნაც ამ საფუძვლით არის დაწყებული. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს რაიმე ტიპის იურიდიულ შინაარსს არ ატარებს და ამავდროულად, ყველას გვესმის, რომ ეს ხდება, მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკური დევნის მოტივაციით“, - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×