რეზონანსი
23.02.2026

მთელი ცინიზმი იმაშია, რომ ის რეფორმა, რომელიც ხორციელდება ახლა საქართველოში, ფაქტობრივად არის ესტონური მოდელი და ესტონურ მოდელზე გადასვლას თავს ესხმის ესტონეთის ელჩი, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, მტრული პოლიტიკა, რომელსაც ესტონეთის ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს, ძალიან მძიმეა.

„სამწუხაროა, რომ ესტონეთს საქართველო ფაქტობრივად მტრად ჰყავს გამოცხადებული უკვე რახანია. ის მტრული პოლიტიკა, რომელსაც ესტონეთის ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს, ძალიან მძიმეა. ჩვენ ესტონელი ხალხის მიმართ გვაქვს სიმპათიები, თუმცა ვხედავთ, რომ ესტონეთის ხელისუფლებას აქვს მტრული პოლიტიკა საქართველოს მიმართ. შეგახსენებთ, რომ ესტონეთის ხელისუფლებას 102 ადამიანი ჰყავს არასასურველ პირად გამოცხადებული, ლამის ნახევარი მთავრობა, ნახევარი პარლამენტი და ნახევარი სასამართლო და არ ვიცი კიდე რამე თუ გამორჩათ. ეს არის რა თქმა უნდა მტრული ნაბიჯი. ესტონეთში ფიქციურად არეგისტრირებენ საქართველოდან ორგანიზაციებს და ამითაა მცდელობა, რომ ქართული კანონმდებლობის გვერდის ავლას ესტონეთის ხელისუფლება ხელს უწყობს და აქაც ჩანს, რომ ესეც არის მტრული პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ღიმილის მომგვრელია, რომ განათლების რეფორმის საკითხში ძალიან უხეშად, ცინიკურად ერევა სომხეთში ესტონეთის მომავალი ელჩი, რომელიც ჯერჯერობით აქ არის, მაგრამ ვიცით, რომ თავის თავს ხედავს როგორც სომხეთში ესტონეთის ელჩად“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, რეფორმა, რომელიც ხორციელდება ახლა საქართველოში, ესტონური მოდელია.

„მთელი ცინიზმი იმაშია, რომ ის რეფორმა, რომელიც ხორციელდება ახლა საქართველოში, ფაქტობრივად არის ესტონური მოდელი და ესტონურ მოდელზე გადასვლას თავს ესხმის ესტონეთის ელჩი. ალბათ თავისი ქვეყნის უმაღლესი განათლება არ მოსწონს. გეტყვით ფაქტებს. ესტონეთში თუ ავიღებთ უნივერსიტეტებს, რომლებიც სრულყოფილი უნივერსიტეტებია და აქვს სამი საფეხური სადოქტოროს ჩათვლით, ესტონეთში არის სულ შვიდი უნივერსიტეტი, საიდანაც 6 არის სახელმწიფო, ერთი არის კერძო. ჩვენთან არის თუ არ ვცდები 54 უნივერსიტეტი, საიდანაც 15 არის სახელმწიფო, დანარჩენი - კერძო. ესტონეთის უნივერსიტეტები მუდმივად რეიტინგებში სამასეულში არიან, ქართული 1000-ს მიღმაა. იცით რატომ? ესტონეთმა თავის დროზე ჩაატარა ზუსტად ის რეფორმა, რასაც ახლა ვატარებთ. გაამსხვილა უნივერსიტეტები, სპეციალიზირება დააწესა. სულ ერთი სამედიცინო უნივერსიტეტია მთელს ესტონეთში. ზუსტად იმას აკეთებს დღეს საქართველო, რაც თავის დროზე ესტონეთმა გააკეთა. დღეს ესტონეთის ელჩი თავს ესხმის ესტონურ მოდელს. ამაზე მეტი ცინიზმი რა უნდა იყოს?! ეს არის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის დარღვევა, თუმცა ელჩს რა უნდა მოვთხოვოთ, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი მიტინგებს გვიმართავდა“ , - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ესტონეთის საელჩომ „ფეისბუკის“ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ესტონეთის ჯერ კიდევ მოქმედი ელჩი, მისი დროებითი რწმუნებული და ილიას უნივერსიტეტის რექტორი დგანან. ფოტოს აქვს წარწერა - „ჩვენ ილიას უნივერსიტეტის გვერდით ვდგავართ“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×