რეზონანსი
23.02.2026

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ევროინტეგრაციის კომიტეტის წევრი, ლიკა შარტავა რესპუბლიკელ კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მიწვევით, აშშ-ში "სუვერენული ერების ალიანსის" პირველ სამიტს დაესწრებიან.

სამიტი 2026 წლის 4-5 მარტს, ვაშინგტონში, კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას საპატიო თავმჯდომარეობით გაიმართება.

ორდღიანი სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, სამიტის სტუმრები იმსჯელებენ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე, საუბარი შეეხება მომავალზე ორიენტირებულ გზას გლობალისტური ზემოქმედების დასაძლევად. სამიტზე კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ თავისუფალმა ერებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი.

სამიტის ორგანიზატორია ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მიერ დაფუძნებული Turning Point Action. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, მათი მოძრაობა დაფუძნებულია სუვერენიტეტზე, ანგარიშვალდებულებაზე და ერების ფუნდამენტურ უფლებაზე, თავად განსაზღვრონ საკუთარი განვითარების გზა.

"იმ დროს, როდესაც არარჩეული არალეგიტიმური გლობალური ინსტიტუტები და ტრანსნაციონალური იდეოლოგიები სულ უფრო მეტად ცდილობენ დემოკრატიული თვითმმართველობის ეროზიას, ჩვენი ერთიანი ხმები არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი. ეს სამიტი აერთიანებს მათ, ვინც ერთგულია ინდივიდუალური თავისუფლების დაცვის, უსაფრთხო და სუვერენული საზღვრების შენარჩუნებისა და იდეების თავისუფალი გაცვლის დაცვისა, ცენზურის, იძულების ან სულ უფრო ცენტრალიზებული და კოლექტივისტური გლობალური წესრიგის მხრიდან შურისძიების შიშის გარეშე", - აღნიშნავს Turning Point Action-ი სამიტის შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×