რეზონანსი
23.02.2026

აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, - ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ბუხრაშვილმა განაცხადა, აღმოჩენილია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი 3 სათბური და 28 კილოგრამამდე "მეთადონი".

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გასული დღეების განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მორიგი წარმატებული საპოლიციო ღონისძიებები ჩაატარეს – აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი 3 სათბური და უპრეცედენტო რაოდენობის – 28 კილოგრამამდე "მეთადონი." ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონი", რაც პოლიციას აქამდე ამოუღია. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

სამართალდამცველების მიერ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე საცხოვრებელ ბინებში აღმოჩენილია ნარკოლაბორატორიები, სადაც ნარკოდამნაშავეები კუსტარული წესით ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებასა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. ასევე, აღმოჩენილია სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "კანაფის" უკანონოდ მოყვანა და კულტივირება ხდებოდა.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გარდა ამისა, აღნიშნული საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ასევე, ამოიღეს ცეცხლსასროლი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე, 260-ე კვარტა, 261-ე, 262-ე, 263-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც განაგრძობს ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოვლენასა და მათი კანონის სრული სიმკაცრით დასჯას," - აღნიშნა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ბუხრაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×