
ბიზნესმენ ივანე გოგლიძის სასამართლო პროცესი გვიან ღამით დასრულდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ცნობილი კომპანია „კულასა“ და შპს „ბატონოს“ მფლობელი პატიმრობაში დატოვა. პროკურორი, დავით კიკაჩეიშვილი ამბობს, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეები, ამიტომ სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხრის შუამდგომლობა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხრის შუამდგომლობა და ვინაიდან, არსებობდა ბრალდებულ ივანე გოგლიძის მიმალვის, მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეები, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა. საქმე შეეხება სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ბატონოს“ დირექტორის მხრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, საკვებად უვარგისი და ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების მიწოდების ფაქტს“, - აცხადებს დავით კიკაჩეიშვილი.
მხოლოდ 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე, ბრალდებულის კომპანია „ბატონომ“ 400 ათასი ლარის ღირებულების 24 ათასი კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა: სასაზღვრო პოლიციასა და შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“, რომელიც თავის მხრივ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს ამარაგებს. დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა კიდევ 17 ათასი ერთეული ფალსიფიცირებული კონსერვი.
როგორც ირკვევა, პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად შეუსაბამოა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებთან.