
"კანონის უზენაესობის საგზაო რუკის თანახმად, უკრაინამ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ერთნაირსქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას" - ეს განცხადება ევროკომისიას ეკუთვნის. ირკვევა, რომ ბრიუსელი ომში მყოფ ქვეყანას ავალდებულებს, დაიცვას ევროკავშირის სტანდარტები და ერთნაირსქესიანი წყვილები სამართლებრივად აღიაროს.
კერძოდ, გააუქმოს ახალი სამოქალაქო კოდექსი და ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს, რადგან, როგორც უკრაინული მედია "მეჟა" იუწყება, პირობა - ლგბტ წყვილების დაკანონების შესახებ, უკრაინას დიდი ხნით ადრე ჰქონდა დადებული. ახლა კი კიევისთვის პირობის შესრულების დრო დადგა.
ბრიუსელი ლგბტ პირების დაცვის რეკომენდაციას მოთხოვნად რომ აქცევდა, ეს დიდი ხნით ადრე იცოდა ოფიციალურმა თბილისმა. "ქართული ოცნების" წევრებმა დღეს ის პერიოდიც გაიხსენეს, როდესაც პარლამენტი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონს იღებდა და ამის გამო საქართველო რიგი აქტორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა.
ოპოზიციაში საკითხის შეფასებისგან თავს იკავებენ. სააკაშვილის "ნაციონალურ მოძრაობას" საერთოდ არ სჯერა, რომ ევროკომისია ომში მყოფ ქვეყანას დღეს ლგბტ წყვილების დაცვაზე ესაუბრება. გახარიას პარტიაში კი ამბობენ, რომ მსგავსი მოთხოვნა საქართველოს მიმართ ვერ გაჩნდება, რადგან ქვეყანას კონსტიტუცია იცავს. თუმცა, არავინ საუბრობს იმაზე, რომ კანონი უკრაინასაც იცავდა, ახლა კი ევროკავშირი მის შეცვლას და ერთნაირსქესიანთა წყვილების კანონიერ აღიარებას ითხოვს.
ევროკომისიის განაცხადი საპარლამენტო უმრავლესობისთვის იმის დასტურია, რომ ევროკავშირი საკუთარი დღის წესრიგის შეცვლას და სახელმწიფოთა ეროვნული ინტერესის გათვალისწინებას არ აპირებს. საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, რომ ოფიციალური თბილისი ამ პოლიტიკას მხარს არ დაუჭერს.
ევროკომისიას, უკრაინის სამოქალაქო კოდექსის მიმართ შეშფოთებით, ომში მყოფი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს. ისინი კოდექსის შეცვლას და ერთნაირსქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას ითხოვენ. ენჯეოების ინიციატივას მხარი ევროკავშირმა უკვე დაუჭირა და შესაბამისი განცხადებით უკრაინის მთავრობასაც მიმართა.