
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივი შეხვედრის ახალი რაუნდის დეტალები შეთანხმებულია.
როგორც ზელენსკი განმარტავს, მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ჟენევაში, მომდევნო 10 დღის განმავლობაში გაიმართება.
მისივე თქმით, უკრაინული მხარის პასუხები „ყველაზე რთულ კითხვებზე“ მომზადებულია და განსაზღვრულია პრიორიტეტები მომლაპარაკებელთა გუნდისთვის, მათ შორის, სამმხრივი ფორმატისთვის შეერთებულ შტატებთან ერთად.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტერიტორიულ საკითხებზე დადებითი შედეგისთვის არ მიუღწევიათ. მისივე თქმით, უკრაინა ტერიტორიებს რუსეთს არ დაუთმობს და კომპრომისი უკვე არის ის, რომ კომპრომისებზე საუბარი მიმდინარეობს.
„ამჟამად ვერავინ ხედავს პროგრესს ტერიტორიულ საკითხებზე, ეს ფაქტია და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან, ტყვეების რაოდენობისა და გაცვლის თარიღთან დაკავშირებით.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ზოგიერთი საკითხის გადაჭრა გუნდების დონეზე ვერ ხდება და სწორედ ამიტომ არის საჭირო ლიდერების პირდაპირი შეხვედრა.
„უკრაინა ამ ფორმატისთვის მზადაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.