
„არც ერთი ხარვეზიანი დოკუმენტი არ არის დაბეჭდილი“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სერვისების განვითარების სააგენტოში განუცხადეს.
ინფორმაციისთვის, სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში გაცემულ პასპორტებს ტექნიკური ხარვეზი აღმოაჩნდა.
როგორც სააგენტოში განგვიცხადეს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სტანდარტული სამუშაო პროცესის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს მის მიერ გაცემული დოკუმენტების მონიტორინგს.
მათივე ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ პროცესში ან შემდგომ ეტაპზე გამოიკვეთება რაიმე სახის საჭიროება, სააგენტო უკავშირდება ინდივიდუალურად თითოეულ მოქალაქეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც დოკუმენტების სიზუსტე და უსაფრთხოება, ასევე მოქალაქეთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა.
„აღნიშნული პრაქტიკა სრულად შეესაბამება დოკუმენტების მართვისა და უსაფრთხოების სფეროში დამკვიდრებულ საერთაშორისო სტანდარტებს და წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის პროცესის შემადგენელ ნაწილს. მოცემული მიდგომა მიზნად ისახავს სერვისის მიწოდების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და მოქალაქეებისთვის სანდო, მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევას“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ სერვისების განვითარების სააგენტოში.
წყარო: bpn.ge