
რომეო მიქაუტაძის მეუღლე აცხადებს, რომ მათი ოჯახის ქონება როგორც საქართველოში, ისე ესპანეთში, დანაზოგებისა და საბანკო სესხის საშუალებით შეიძინეს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლეს მოუსმინეს. მან აღნიშნა, რომ მათი ოჯახის მიერ შეძენილი არცერთი სახლი ან სხვა უძრავი ქონება დანაშაულებრივი გზით არ არის მოპოვებული.
პროკურორს ნინო მიქაუტაძესთან შეკითხვა მადრიდის ბინასთან დაკავშირებითაც ჰქონდა, რომელსაც ყადაღა დაედო. მიქაუტაძის მეუღლემ საპასუხოდ თქვა, რომ აღნიშნული ბინა წეროვანში მიწის ნავეთის გაყიდვის და დანაზოგის დამატების შედეგად შეიძინა.
ან განმარტა ყველა ის წყარო, საიდანაც ეს ოჯახი წლების განმავლობაში იღებდა ლეგალურ შემოსავლებს, ახსნა ყველა ქონების წარმომავლობა, რომელიც სადავოდ მიაჩნია პროკურატურას და ასევე მიაწოდა სასამართლოს ინფორმაცია საკუთარი ბიზნესსაქმიანობის შესახებ. ადამიანს შეიძლება, არ ახსოვდეს წლიურად რამდენს ხარჯავს, მაგალითად, მეც არ მახსოვს, - თქვა ადვოკატმა პროცესის შემდეგ.
ბრალდების მხარეს მოწმის ჩვენებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს. პროკურორის განცხადებით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ სასამართლოს კითხვებს სრულად ვერ უპასუხა.
საქმის პროკურორი აცხადებს, რომ მოწმე საუბრობდა ოჯახის შემოსავლებზე, თუმცა ვერ დააკონკრეტა, რა ხარჯები ჰქონდა ოჯახს შესაბამის პერიოდში, რაც, პროკურატურის შეფასებით, მნიშვნელოვანია ქონებრივი მდგომარეობის სრულყოფილად შესაფასებლად.
ეს მოწმე იყო დაცვის მხარის მოწმე. მან ისაუბრა მისი ოჯახის შემოსავლების თაობაზე, თუმცა ვერცერთი პასუხი ვერ გასცა, თუ რა ხარჯები ჰქონდა ამ ოჯახს, რომ ზოგადად, წარმოდგენა გვქონდეს, ამ პერიოდში გაიზარდა მისი ქონება თუ დაიკლო. ჩვენ კი რევიზიით დადგენილი გვაქვს, რომ ამ პერიოდში შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით ისი ოჯახი უსაფუძვლოდ გამდიდრდა. რაც შეეხება მადრიდის ბინას, მადრიდის ბინა რომეო მიქაუტაძის ოჯახმა შეიძინა და რომ ეჩვენებინა, რომ ამ ბინის შესაძენად ჰქონდა ნამდვილად თანხა, წარმოადგინა ყალბი ხელშეკრულება, - ამბობს საქმის პროკურორი.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ მოწმეების დაკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულებულია. შემდეგ პროცესზე მოწმეებს უკვე ადვოკატები მოიყვანენ.