
გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურას მიმართა და საქმეზე გამოძიების გაგრძელებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ითხოვს. გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი მაშინდელ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ტყუილში ადანაშაულებს და ამბობს, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში ისიც უნდა დაიკითხოს.
ბაჩალიაშვილის მშობელი ასევე საუბრობს სუს-ის ყოფილ უფროსზე, გრიგოლ ლილუაშვილზეც: „როდესაც ვიძახდი, რომ ის კურირებდა „ქოლცენტრებს“, გვეუბნებოდნენ, „როგორ შეიძლება, ასეთ საქმეში იყოს გახვეულიო“ და აი, თუ არ ყოფილა!“
თამაზაშვილი მოითხოვს, რომ დასახელდნენ ის პირები, რომლებმაც მისი შვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.
„გადავწყვიტეთ, პროკურატურისთვის მიგვემართა, რადგან შოთაძემ (მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა) საქმე დახურა, ახლა რადგანაც შეიცვალა გენერალური პროკურორი და ნიკო კვარაცხელიასა და გიგა ავალიანის საქმეებს ნათელი მოჰფინა, საჭიროდ ჩავთვალე, რომ პროკურატურისთვის მიგვემართა, ასევე მოვითხოვ გაასაჯაროონ სხვადასხვა სოციალურ ქსელში (თამარის) ჩანაწერები. ჩემი შვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს და მაინტერესებს, ხომ ამბობენ, რომ თვითმკვლელობა იყო, მაშინ გაასაჯაროონ და დაამტკიცონ. ამიტომ შევიტანე საჩივარი, რადგან თავის დროზე შოთაძემ მომატყუა.
გრიგოლ ლილუაშვილის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი) „ქოლცენტრების“ მფარველობის ბრალით დაკავებამაც განაპირობა. როდესაც ვიძახდი, რომ ის კურირებდა „ქოლცენტრებს“, გვეუბნებოდნენ „როგორ შეიძლება ასეთ საქმეში იყოს გახვეულიო“ და აი, თუ არ ყოფილა!
რაც შეეხება ირაკლი შოთაძეს, მოვითხოვთ, რომ გამოძიების ფარგლებში ისიც დაიკითხოს, რადგან მაშინ თვალებში მიყურებდა და მატყუებდა და საქმეს ფარცხავდა. მე ახლა მაინტერესებს ახალი გენ-პროკურორის რეაქცია და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. ჯერჯერობით პროკურატურიდან არავინ დამკავშირებია“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.