რეზონანსი
18.02.2026

„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე მსჯავრდებული შოთა ქარუმიძე ისევ ციხეში რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბაჩიაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ის 9 - თვიანი თავისუფლების აღკვეთის შემდეგ გათავისუფლდა, შოთა ქარუმიძე ციხეს მაინც ვერ ტოვებს.

შოთა ქარუმიძეს ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ 4 წლითა და 6 თვის ვადით ჰქონდა თავისუფლება აღკვეთილი. თავის დროზე ქარუმიძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი ეთქვა, რის გამოც მათ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში აღარ გაუსაჩივრებიათ. იქიდან გამომდინარე, რომ საქმის წარმოება შოთა ქარუმიძის მიმართ სასამართლოში არ მიმდინარეობს, მასთან საპროცესო შეთანხმება ვერ გაფორმდება. შესაბამისად, სამართლებრივი მექანიზმები მის გასათავისუფლებლად აღარ არსებობს.

ცნობისთვის, შოთა ქარუმიძე გასული წლის 2 მარტს წინასწარშემუშავებული გეგმის შესაბამისად და ფულადი თანხის სანაცვლოდ ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სომხეთის მიმართულებით მალულად გადაიყვანა გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც მაშინ, როგორც ბრალდებულს, ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა.

შოთა ქარუმიძეს ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარებისთვის წარუდგინეს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×