
ჟურნალისტ ელისო კილაძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა.
როგორც ჩხრეკის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებლებმა სახლიდან ამოიღეს ორი "ლეპტოპი", სამი მეხსიერების ბარათი, ტელეფონი და უცხოურ ვალუტაში თანხა, თუმცა რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი, ადვოკატი არ აკონკრეტებს.
როგორც ვალერი გელბახიანმა განმარტა, "არ არის ისეთი დიდი თანხა, რომ სალაპარაკო იყოს". ადვოკატის თქმით, ამოღებული თანხა ელისო კილაძის მეუღლეს ეკუთვნის.
" მიუხედავად იმისა, რომ სახლი მოცულობითი, დიდი არ არის, ორ-ოთახიანი ბინაა, მაინც ყველა ფურცელი იქნა გასინჯული, წაკითხული, დალუქული, ამოღებული და პროცედურამ წაიღო უამრავი დრო. მნიშვნელოვანი არაფერი ამოიღეს, ამოიღეს ერთი "ლეპტოპი", ტელეფონი და მეორე "ლეპტოპი" შვილის საწოლი ოთახიდან, ასევე ამოიღეს "ბლოკნოტები", სამი ცალი "ფლეშკა" და ოჯახის თანხა, რომელზეც მეუღლემ დაადასტურა, რომ მისი თანხაა. რაოდენობა დიდი არ არის, მაგრამ თავს შევიკავებ რაოდენობის დასახელებისგან. ეს არის უცხოურ ვალუტაში, მაგრამ არ არის ისეთი დიდი თანხა, რომ სალაპარაკო იყოს. ოჯახის უფროსი, ბატონი გია ხარშილაძე ბინაში გახლავთ, მან თქვა, რომ მისი პირადი თანხაა, მას აქვს აგრომეურნეობა, აქვს ოფიციალური შემოსავალი და ნებისმიერ დროს წარმომავლობას დაადასტურებს.
თუ 7 მილიონია მოპარული "ქოლ ცენტრიდან" და ეს მცირედი თანხა რამეს წარმოადგენს, ეს დაადასტუროს გამოძიებამ. ჯერ-ჯერობით, მე რაც ვნახე, ჩხრეკის ოქმი, ჩხრეკის შესახებ სასამართლოს განჩინება და ინფორმაცია, რაც პროკურატურამ გაავრცელა, მიმაჩნია, რომ ჯერ-ჯერობით არის წყალ-წყალა. ამოღებულ თანხას რაც შეეხება, რაოდენობას ამ ეტაპზე ვერ ვასახელებ, რადგან ეს ოჯახთან არის შესათანხმებელი, თვითონ ოჯახის წევრებმა მოითხოვეს. არაფერი საიდუმლო იქ არ არის. ადამიანს ამ შემოსავლის მიღების წყარო გააჩნია, მიუთითა ოქმში, საიდან აქვს ეს თანხა და გადამოწმდება გამოძიების მიერ და ეს თანხა, ალბათ, დაუბრუნდება იმიტომ, რომ პირობაც ასეთია.
რაც შეეხება ჩხრეკის საფუხძლიანობას, მე პრეტენზიები მაქვს ამის თაობაზე. როდესაც იქნება სასამართლო სხდომა დასაბუთებას იქ წარვადგენ. თვითონ ბრალდებას რაც შეეხება, ჯერ არ მინახავს. ალბათ, ხვალ გამაცნობენ საქმის მასალებს, მაგრამ რაც გაავრცელა პროკურატურამ ინფორმაცია იმის მიხედვით, მე ვფიქრობ, რომ ძალიან წყალ-წყალა ბრალდებაა. სასამართლო პრაქტიკაში ასეთი ერთობლიობა, რაც ამათმა დაწერეს, ჯერ არ მომხდარა. რაღაც გამოგონილია და ვნახოთ. ვფიქრობ, რომ რაღაც ხელოვნურობის ნიშანი ჩანს, ვიღაცებმა რაღაც ჩვენებები მისცეს და ამის საფუძველზეა (დაკავებული). მტკიცებულება ასე არ იკრიბება. მტკიცებულებებს დამაგრება სჭირდება, ჯერ-ჯერობით არ გააჩნიათ მტკიცებულებები. ელისო კილაძის დაკითხვისას გენერალურ პროკურატურაში იყო ადვოკატი ნათია კორკოტაძე და არ გადასცეს მტკიცებულებები. ეს იმას ნიშნავს, რომ არ გააჩნიათ მტკიცებულებები. ამ საქმის თაობაზე ელისო კილაძე გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა.". განაცხადა ვალერი გელბახიანმა.