
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ერთმანეთს, სავარაუდოდ, პროცესზე მყოფი პირები დაუპირისპირდნენ. რამდენიმე პირმა სასამართლოს ეზოს გარე პერიმეტრზე, ერთ-ერთი მანქანა დააზიანა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ორი ადამიანი.
ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება. გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ამავე საქმის ფარგლებში, ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.