
საქართველოში 257 ათასი უცხოელი ცხოვრობს - ბინადრობის ნებართვა აქვს 164 ქვეყნის 107 ათასზე მეტ პირს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის ფორმატში, გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში მცხოვრები უცხოელებიდან, დაახლოებით 20 ათასი არის არალეგალი მიგრანტი.
„მოსახლეობის საყოველთაო აღწერის არსებული სტატისტიკით, საქართველოში უცხო ქვეყნის 257 ათასი მოქალაქე ცხოვრობს, აქ შედის მათ შორის არალეგალი მიგრანტებიც. მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობის აღწერის დაზუსტებული სტატისტიკა 25 ივნისის გამოქვეყნდება, იქამდე კი ზოგადი სტატისტიკით უნდა ვიხელმძღვანელოთ.
რაც შეეხება ბინადრობის ნებართვის გაცემის სტატისტიკას, საქართველოში ბინადრობის ნებართვა არის 164 ქვეყნის 107 ათას 307 მოქალაქეზე გაცემული. რაც შეეხება ჩაშლილ სტატისტიკას, ბინადრობის ნებართვა გაცემული შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებზე: რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან 32 129 ადამიანი (29.9%). მათი დიდი ნაწილი საქართველოს ყოფილი მოქლაქაეები და ქართული გვარის მქონე პირები არიან; მეორე ადგილზეა ინდოეთი - 23 930 ადამიანზეა გაცემული ბინადრობის ნებართვა, რომელთა უდიდესი ნაწილი (უმრავლესობა) არიან სტუდენტები; მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი - 6.3%-ით; რაც შეეხება უკრაინას 6290 ადამიანს (5.9%) აქვს ბინადრობის ნებართვა, თუმცა, ხაზგასასმელია, რომ დამატებით, ბინადრობის ნებართვის გარეშე ლტოლვილის სტატუსით 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს ქვეყანაში; ასევე: სომხეთის 5 ათასზე მეტ მოქალაქეს აქვს ბინადრობის ნებართვა; ბელარუსის 3 738 მოქალაქეზეა გაცემული ნებართვა; თურქეთის 3 645 მოქალაქეს აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა; ირანი 3 334 მოქალაქეს; სუდანის მოქალაქეებზე მოდის სრული სტატისტიკის 2%, ესენი მთლიანად სტუდენტები არიან; ჩინეთი 2 ათასზე მეტ მოქალაქეს აქვს ნებართვა, ესენი ძირითადად სამუშაო ძალას წარმოადგენენ, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ა.შ.
ჩვენი ინფორმაციით, არალეგალი მიგრანტების რაოდენობა ქვეყანაში შეადგენს 20 ათასს. ამ კუთხით, დაახლოებით ორ თვეში გვექნება დაზუსტებული მონაცემები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.