
დღეს უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს ვიწყებთ, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ უკრაინის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ჩარჩო და მკაფიო მანდატი გვაქვს. დღის წესრიგშია უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები. ჩვენ კონსტრუქციულად და გადაჭარბებული მოლოდინების გარეშე ვმუშაობთ. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მდგრადი მშვიდობის დაახლოება შეუძლია“, - წერს უმეროვი X-ზე.
უმეროვმა აშშ-ს ჩართულობისთვის და შვეიცარიას შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
ცნობისთვის, რუსტემ უმეროვის გარდა უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი, უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კისლიცა და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი.