რეზონანსი
16.02.2026

ჩვენი მზაობა ამ კუთხით [ურთიერთობების გაუმჯობესების] ნათელია და ცნობილია. ყოველთვის ველოდებით კონსტრუქციულ ნაბიჯებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

დეპუტატის თქმით, დამოკიდებულება აშშ-ის ადმინისტრაციის და საქართველოსი ბუნებრივია, იცვლება.

„მოგეხსენებათ, რომ აშშ-ის პოლიტიკა საკმაოდ მნიშვნელოვნად იცვლება. სახელმწიფო მდივანმა მიუნხენის კონფერენციაზე მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა, როდესაც თქვა, რომ ეს უკიდურესად ლიბერალური, გლობალისტური ხედვა სამყაროსი, არასიცოცხლისუნარიანი და უტოპიურია, რომ არსებობს ერები, ერი სახელმწიფოები, ტრადიცია, ეროვნული გამოცდილება და ის ფასეულობები, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს მომავალი თანამშრომლობა. მან თქვა, რომ USAID-ი, NED-ი და სხვა ორგანიზაციები სხვა ქვეყნებში იმ იდეოლოგიის გავრცელებას ემსახურებოდნენ, რაც ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშად ჩარევას გულისხმობდა.

რაც სახელმწიფო დეპარტამენტში მომუშავე ყოფილმა თანამშრომელმა [მაიკ ბენცმა] განაცხადა, კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში იყო, რომ ქართველ ხალხს ეუბნებოდნენ მიტინგზე გასულიყვნენ იმიტომ, რომ ვერ გაეგოთ ვინ აფინანსებდა საქართველოში აქციებს და არეულობას. კარგია, როდესაც ეს [სიტუაცია] განცხადების დონეზე იცვლება, მაგრამ სახელმწიფოს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ასეთი უხეში, ანტიდემოკრატიული ჩარევებისგან დამცავი მექანიზმები. ეს საკანონმდებლო პაკეტები სწორედ ამ დამცავ მექანიზმს უზრუნველყოფს.

დამოკიდებულება აშშ-ის ადმინისტრაციის და საქართველოსი ბუნებრივია, იცვლება. ამის რამდენიმე მკაფიო სიგნალი იყო იგივე ჩვენი პრეზიდენტის და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის საუბარი, სახელმწიფო მდივნის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საუბარი. იყო საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტი აშშ-ში. ესეც უმნიშვნელოვანესია. ჩვენი მზაობა ამ კუთხით [ურთიერთობების გაუმჯობესების] ნათელია და ცნობილია. ყოველთვის ველოდებით კონსტრუქციულ ნაბიჯებს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ქართველი დემონსტრანტები, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებითა და პიროტექნიკით იბრძოდნენ, სინამდვილეში აშშ-ის მიერ ფინანსდებოდნენ, - კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, მაიკ ბენცი, საქართველოში 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის კანონთან“ დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებზე საუბრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×