რეზონანსი
15.02.2026

ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმები აზერბაიჯანის საელჩოზე კიევში შემთხვევითი არ ყოფილა და მიზანმიმართულ ხასიათს ატარებდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ამის შესახებ მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში განაცხადა, სადაც ასევე შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის.

ალიევის თქმით, უკრაინაში აზერბაიჯანის დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ სულ სამი თავდასხმა განხორციელდა. მისი განმარტებით, პირველი ინციდენტის შემდეგ ბაქომ მოსკოვს აზერბაიჯანის ყველა დიპლომატიური ობიექტის ზუსტი კოორდინატები გადასცა, მათ შორის საელჩოს, საკონსულო დეპარტამენტისა და კულტურული ცენტრების. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით კიდევ ორი დარტყმა მოხდა.

„თავდაპირველად შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ეს შემთხვევითი იყო, თუმცა დამატებითი თავდასხმების შემდეგ აშკარა გახდა, რომ ეს აზერბაიჯანის დიპლომატიური მისიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედება იყო,“ – განაცხადა ალიევმა გამოცემა "უკრაინსკა პრავდასთან" ინტერვიუში.

აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ გასული წლის ნოემბერში ოფიციალურად გამოხატა პროტესტი, მას შემდეგ რაც რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად საელჩოს შენობა დაზიანდა კიევში. მსგავსი ინციდენტი 2025 წლის აგვისტოშიც დაფიქსირდა, როდესაც რუსული იერიშის შედეგად აზერბაიჯანის დიპლომატიური ობიექტი კვლავ დაზიანდა.

დიპლომატიური მისიების გარდა, თავდასხმების სამიზნე გახდა აზერბაიჯანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაც უკრაინის ტერიტორიაზე. დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტები და ინფრასტრუქტურა, რომელიც აზერბაიჯანული ენერგორესურსების ტრანსპორტირებას უკავშირდება.

ალიევის განცხადებით, ბაქო მოსკოვის ქმედებებს „არამეგობრულ ნაბიჯად“ აფასებს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე დამატებით დაძაბულობას ქმნის, მიუხედავად ბოლო პერიოდში ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობისა.

აზერბაიჯანი უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნას გამოხატავს და ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში ერთობლივი პროექტების გაგრძელებას გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×