
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს რა არის მნიშვნელოვანი, რა არის სიმართლე, რაზე ვართ ორიენტირებული და ეს პროცესები რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მან უნივერსიტეტების ავტონომიურობასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დაისვა ავტონომიურობასთან დაკავშირებით. პრემიერმა ისაუბრა კონსტიტუციის ჭრილში. ნება მიბოძეთ საერთაშორისო პრაქტიკიდან, სტანდარტებიდან გამომდინარე დამატებითი ინფორმაცია წარვუდგინო საზოგადოებას იმიტომ, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს რა არის მნიშვნელოვანი, რა არის სიმართლე, რაზე ვართ ორიენტირებული და ეს პროცესები რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
მე აქ წარმოგიდგენთ ორი ავტორიტეტული ორგანიზაციის სტანდარტებს ავტონომიურობასთან დაკავშირებით. ერთი, ეს არის ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად არის ცნობილი ჩვენი ოპონენტებისთვის. შემუშავებული აქვს სპეციალური დოკუმენტი, რომელიც უნივერსიტეტის ავტონომიურობას განსაზღვრავს. იქ არის ჩამოწერილი პრინციპები და მე რომ არასწორი ინტერპრეტაცია არ გამომივიდეს, პირდაპირ ციტირებას დავიწყებ - რაც შეეხება სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრას, დაფინანსების ღონისძიებებს, მოდელებს და ასევე, მთლიანად სისტემის ორგანიზებას, ეს არის სახელმწიფო ხელისუფლების პრეროგატივა. რაც შეეხება სასწავლო პროგრამების შინაარს, კვლევას და სასწავლო პროცესს, ეს არის სწორედ იმ ავტონომიურობის ნაწილი, რომელიც უნივერსიტეტებთან განსაზღვრავს მათ საქმიანობას და იქ სახელმწიფოს ჩარევა, რა თქმა უნდა დაუშვებელია.
მეორე საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია, ეს არის OECD, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიოდ, კიდევ უფრო მკაფიოდ აქვს ეს მონაცემები ჩამოყალიბებული, სადაც საუბარია შემდეგზე, რომ „საჯარო დაფინანსების პრიორიტეტები, სტუდენტთა რაოდენობის დაგეგმვა სფეროების მიხედვით და სისტემური დუბლირებების შემცირება არის, როგორც ისინი ინგლისური ტერმინით მოიხსენიებენ - Public policy steering, რაც ნიშნავს საჯარო სექტორის მმართველობის კომპეტენციას და ეს არამც და არამც არ წარმოადგენს ავტონომიის შეზღუდვას“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.