
ვალენტინობის დღეს მომხმარებლები საშუალოდ 200 დოლარს ხარჯავენ, - ამის შესახებ CBS News ეროვნული საცალო ვაჭრობის ფედერაციის (NRF) მონაცემებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, 2026 წელს ვალენტინობის დღეზე გაწეული საშუალო ხარჯი რეკორდულ ნიშნულზეა. შედარებისთვის, 2025 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 189 დოლარს შეადგენდა.
ბოლო წლებში ვალენტინობის დღის თითქმის ყველა პოპულარული საჩუქარი მნიშვნელოვნად გაძვირდა. CBS News-ის თანახმად, 2021 წლიდან სხვადასხვა საჩუქრის კატეგორიაში ფასებმა ორნიშნა ზრდა განიცადა, ხოლო შოკოლადის ფასი 70%-ზე მეტად გაიზარდა.
აშშ-ში წელს გაძვირდა ყვავილებიც. გამოცემის ინფორმაციით, ფასების ზრდა ძირითადად იმპორტთან დაკავშირებულ გადასახადებს უკავშირდება. ამერიკაში გაყიდული ყვავილების დაახლოებით 80% იმპორტირებულია და დამატებით ტარიფებს ექვემდებარება. ტარიფების გავლენა ვრცელდება შესაფუთ მასალებზეც, რომლებიც უმეტესად ჩინეთიდან შემოდის.
ვალენტინობის დღის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჩუქარი სამკაულებია. გამოცემის ცნობით, წელს ყველაზე მეტად სწორედ ეს კატეგორია გაძვირდა, რაც ძვირფასი ლითონების ფასების ზრდით არის განპირობებული. ეროვნული საცალო ვაჭრობის ფედერაციის პროგნოზით, მომხმარებლები სამკაულებზე ჯამში 7 მილიარდ დოლარს დახარჯავენ, რაც გასულ წელთან შედარებით 8%-ით მეტი იქნება.