რეზონანსი
14.02.2026

ჩემი აზრით, ოპოზიციას, იმ ხალხს, რომელიც აპროტესტებს დებატებში მონაწილეობის ამბავს, მათ შორის ჩვენს მონაწილეობას და ა.შ. უბრალოდ შურს ჩვენი, რადგან არ შეუძლიათ დებატებზე დაჯდომა, ან კვალიფიკაციის გამო, ან იმის გამო, რომ უბრალოდ დებატებზე მოქცევის წესები არ იციან, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს არის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ამას აპროტესტებენ. მაშინ, როცა მათიანი, მათი „ბაბლის“ წევრი მონაწილეობს დებატებში, ამბობენ, რომ გამონაკლისის სახით შეიძლება თურმე მონაწილეობა. მე ვერ გავიგე, თუ არ შეიძლება, მაშინ რატომ მონაწილეობენ ე.წ. ამ „ბაბლის“ წევრები და თუ შეიძლება, მაშინ რას ერჩიან, ან აქამდე რას ერჩოდნენ იმ ხალხს, ვინც მონაწილეობა მიიღო“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, „გირჩი“ ყველა თემაზე მზად არის, მიიღოს მონაწილეობა დებატებში.

„გული გვწყდება, რომ ახლა „იმედზე“ როცა იმართება განათლების საკითხთან დაკავშირებული დებატები, ჩვენ არ ვართ და ხშირად გვაქვს დისკუსია, რამე ხომ არ ვაწყენინეთ „ქართულ ოცნებას“, რატომ გამოგვტოვეს ამ ჩვენთვის ძალიან საინტერესო დებატზე. მიგვაჩნია, რომ ეს სწორი ნაბიჯია და გვინდა, დიდხანს გაგრძელდეს, თუმცა ცოტა სკეპტიკურები ვართ ამ ფაქტთან დაკავშირებით, რადგან განათლების საკითხზე ჩვენი გამოტოვება არ შეიძლებოდა.

ზოგადად, როგორ შეიძლება გინდოდეს, რომ ხელისუფლებამ ხმები დაკარგოს, გადავიდეს ოპოზიციურ პარტიებზე ეს ხმები და საშუალებას არ აძლევდე მოქალაქეებს, ერთმანეთთან დააპირისპიროს შენი და ხელისუფლების მოსაზრება და საუკეთესო აირჩიოს. მე როცა ვთქვი, რომ შურთ-მეთქი, შურთ იმის გამო, რომ თვითონ აღმოჩნდნენ ძალიან ბრიყვები, როდესაც ოპოზიციურ არხებზე უარი თქვეს დებატებზე. აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება უფრო მზად იყო საუბრისთვის ამ ფორმატით, ვიდრე ოპოზიცია და მათი „ბაბლი“, მიუხედავად იმისა, რომ მათი ტელევიზიები საერთოდ უსაქმურად არიან და აბსოლუტურ სისულელეს აშუქებენ დებატების ნაცვლად“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×