
დიდი ბრიტანეთის საელჩომ ეს განცხადება 2025 წლის 11 ივნისს საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოაქვეყნა. მაშინ სხვა ქვეყნის დიპლომატიური მისია წუხილს გამოთქვამდა, რომ საქართველოში გარკვეული პროექტების დაფინანსებას ვერ ახერხებდა. განსაკუთრებული აქცენტი იმ აქტივობებზე გაკეთდა, რომლებიც უშუალოდ ადგილობრივ არჩევნებს, კონკრეტული მედიის დაფინანსებასა და საარჩევნო პროცესს ეხებოდა. დღეს კი ირკვევა, რომ ის, რაც თბილისისთვის 8 თვის წინ მიუღებელი იყო, თავად ლონდონისთვის გახდა პრიორიტეტული: გაერთიანებულმა სამეფომ უცხო ქვეყნიდან პოლიტიკური პროცესების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა საკანონმდებლო დონეზე დაიწყო.
ოფიციალური ლონდონის გადაწყვეტილება თბილისისთვის „ორმაგი სტანდარტის“ კიდევ ერთი დასტურია. თუ დიდ ბრიტანეთს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი გარე ჩარევებისგან, მაშინ რატომ არ შეუძლია იმავეს გაკეთება საქართველოს ხელისუფლებას? რიტორიკული შეკითხვა საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარემ დასვა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უცხო ქვეყნიდან მომავალი ყველა საფრთხე, რომელზეც მმართველი გუნდი წლების განმავლობაში მიუთითებდა, რეალურია.
დასახელებული ფაქტების მიუხედავად, ბრიტანეთის მხრიდან „ორმაგი სტანდარტის“ პოლიტიკას ვერ ხედავს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური პროცესების უცხოეთიდან დაფინანსების შეზღუდვა ლონდონს დემოკრატიის განსამტკიცებლად სჭირდება, გახარიას პარტიაში ისიც თქვეს რომ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილების მიზანი რუსეთის ჰიბრიდულ ომთან ბრძოლაა, თუმცა ბრიტანეთის მთავრობის მრავალგვერდიან დოკუმენტში რუსეთი ერთხელაც არ არის ნახსენები.
წარსულში საქართველოსთვის „აკრძალული“ თამაშის წესები ახლა უკვე დიდი მოთამაშეებისთვისაც, რომ აქტუალურია ამას საკანონმდებლო ორგანოში ამბობენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ოფიციალური თბილისისთვის სუვერენიტეტის დაცვა მთავარი ამოცანაა. საკითხი უკვე შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ლონდონის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს ორმაგი სტანდარტის რეალურ სახეს, როცა ბრიტანეთს თავდაცვის უფლება აქვს, საქართველოს კი არა.
ბრიტანეთის მთავრობამ უცხოელ ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს პოლიტიკური შემოწირულობები უკიდურესად შეუზღუდა. გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ინიციატივა ფართო რეფორმის ნაწილია, რომელიც კომპანიებისთვის შემოწირულობის წესების გამკაცრებასა და არარეგისტრირებული გაერთიანებებისთვის ახალი მოთხოვნების დაწესებას გულისხმობს. ოფიციალური ლონდონი ახალ რეგულაციებს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების აუცილებლობით ხსნის.