
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მნიშვნელობაზე საუბრობს. გეკა გელაძე აღნიშნავს, რომ 2025 წელს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ეფექტური გახადა მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა.
„როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში გამოწვევად რჩება მიგრაციული პრობლემები. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი და ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს როგორც საკანონმდებლო, ტექნოლოგიური, ასევე ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით. 2025 წელს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებიც ჩვენ მიერ იყო განხორციელებული, ძალიან ეფექტური გახადა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და სწორედ ამის დასტურია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 1300-ზე მეტი არალეგალი არის ქვეყნიდან გაძევებული, რაც 2024 წლის სტატისტიკასთან შედარებით, 207%-ით არის მომატებული.
ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს და გეგმას წარმოადგენს მიმდინარე წელს 3500-დან 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება და დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ იმ სწორი ინსტრუმენტების და სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით ამას აუცილებლად შევძლებთ“, - განაცხადა მინისტრმა.
მიგრაციის საკითხზე დღეს ვიდეომიმართვა პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა გასული ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული ათი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, უკანონო მიგრაციასტან ბრძოლის შესახებ.