
აშშ-ის ხელისუფლებამ ნათლად მიანიშნა უკრაინას, რომ ის მას უსაფრთხოების გარანტიებს არ მისცემს მანამ, სანამ კიევი და მოსკოვი ომის საბოლოო დასრულებაზე არ შეთანხმდებიან. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ორ ევროპელ და ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვიდრე რუსეთი უკრაინასთან მიმართებით საკუთარ ტერიტორიულ მოთხოვნებს აყენებს და მათ დათმობას არ აპირებს, სამშვიდობო პროცესი ჩიხშია შესული. როგორც „პოლიტიკო“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, თეთრი სახლი აპირებს გამოიყენოს შეთანხმება უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლის განსახორციელებლად.
გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე მთავარ დაბრკოლებას ტერიტორიული საკითხი წარმოადგენს. „ორივე მხარე თავისას ითხოვს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ყველა გრძნობს, რომ წინსვლის საშუალება მაინც არის“, - ციტირებს „პოლიტიკო“ წყაროს.