რეზონანსი
12.02.2026

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მთავარი რეჟისორი ოთარ ბაღათურია 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"მოზარდ მაყურებელთა თეატრმა უმძიმესი დანაკლისი განიცადა – 84 წლის ასაკში ხანმოკლე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა თეატრის მთავარი რეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო და ა.ახმეტელის სახელობის პრემიების ლაურეატი, ბატონი ოთარ ბაღათურია.

მისი ცხოვრება და საქმიანობა 60 წელზე მეტია მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს თეატრთან. ის იყო ამ დასის ერთ-ერთი გამოღცეული არტისტი. მის მიერ შესრულებული როლები სპექტაკლებში “პრინცესა ტურანდოტი”, “მოკვეთილი”, “კიკვიძე”, “მე ვხედავ მზეს”, “რღვევა”, “ქამუშაძის გაჭირვება”, “შეაჩერეთ მალახოვი”, “ბედნიერი ბილეთი”, “კუკარაჩა”, “ჩვენებურები” და მრავალი სხვა თეატრის ოქროს ფონდის კუთვნილებაა.

ოთარ ბაღათურიას დადგმები “დარისპანის გასაჭირი”, “ავი ლომი”, “სათაგური”, “ღამის ამბავი”, “ბანკეტი”, “წითელქუდა”, “იავნანამ რა ჰქმნა” და სხვა მნიშვნელოვანი მხატვრული ღირებულებით გამოირჩეოდა თეატრის რეპერტუარში.

დიდია მისი ღვაწლი ქართული დუბლირებული ფილმებისა თუ მხატვრული ფილმების გახმოვანების საქმეში.

ოთარ ბაღათურია აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტთა არაერთი თაობის აღმზრდელი, მუდამ ამაყობდა საკუთარი სტუდენტების წარმატებით.

წავიდა ჩვენგან არაჩვეულებრივი ხელოვანი, რომლის ვარსკვლავიც 2013 წელს გაიხსნა მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ და რომლის სახელს ვერასდროს დაივიწყებს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი”, - წერია თეატრის გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×