
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი გიორგი გვალია აცხადებს, რომ უნივერსიტეტი მაქსიმალურად შეეწინააღმდეგება მის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელსაც „არალეგიტიმურად და საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ“ მიიჩნევს.
გვალიას თქმით, უნივერსიტეტი გამოიყენებს ყველა შესაძლო სამართლებრივ მექანიზმს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო დონეზე.
მისი განცხადებით, საუნივერსიტეტო საზოგადოებაში სრული ერთიანობაა და ისინი შეეცდებიან, რომ უნივერსიტეტის ისტორია „ასეთი ფორმით არ დასრულდეს“.
“ჩვენ მაქსიმალურად ვაპირებთ წინააღმდეგობა გავუწიოთ გადაწყვეტილებას, რადგან ვთვლით, რომ არ არის ლეგიტიმური და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. გამოვიყენებთ ნებისმიერ სამართლებრივ მექანიზმს, მათ შორის, ქვეყნის შიგნით, ასევე ფარგლებს გარეთაც.საუნივერსიტეტო საზოგადოებაში სრული ერთიანობაა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ უნივერსიტეტის ისტორია ასეთი ფორმით არ დასრულდეს”, - გიორგი გვალიამ.
ვიცე-რექტორი გადაწყვეტილებას „გამაოგნებელს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ მას არ აქვს კავშირი განათლების რეალურ რეფორმასთან ან ხარისხის გაუმჯობესებასთან. მისი შეფასებით, გადაწყვეტილების გრძელვადიანი შედეგი განათლების ხარისხის გაუარესება იქნება.
“ეს არის გამაოგნებელი გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს განათლების რეალურ რეფორმასთან და განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან. ამ გადაწყვეტილების ერთადერთი შედეგი გრძელვადიანი იქნება განათლების ხარისხის დაბალ ნიშნულზე დაყვანა. ფაქტობრივად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს ამ ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტის გაუქმებას. წარმოიდგინეთ, იმ პირობებში, როდესაც უნივერსიტეტი ახორციელებს 100-მდე პროგრამას ბევრი მიმართულებით და აქედან რჩება მხოლოდ პედაგოგიური, ფაქტობრივად, ნიშნავს რომ უნივერსიტეტი კარგავს პროგრამების 90%-ს, შესაბამისად, სტუდენტების 90%-ს. შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტი იმ სახით, როგორსაც ვიცნობთ, ვეღარ იარსებებს." -განაცხადა ვიცე-რექტორმა.