
ას ოთხი წლის წინ დაარსებული საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (სპი), 1990 წლიდან კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) ჩვენი ქვეყნის უძველესი და უმთავრესი ტექნიკური უმაღლესი სასწავლებელია, სადაც დღესაც ჯერ კიდევ შესაძლებელია თანამედროვე ტექნიკური საინჟინრო სპეციალობების დაუფლება და ამ სასწავლებელს ჩვენთან და აწ უკვე „გარდაცვლილ“ უზარმაზარ საბჭოეთში იცნობდნენ რუსული სახელწოდების აბრევიარტურით ГПИ (Грузинский Политехнический Институт) , ჩვენთან ხალხში დღესაც დიდი სიყვარულით „გეპეის“ უწოდებენ.
ჩვენი ქვეყნის ტექნიკური საინჟინრო განათლების ფლაგმანის სახელთან არის დაკავშირებული მთელი რიგი უნიკალური და ორიგინალური საინჟინრო ობიექტები და არქიტექტურული შენობა-ნაგებობა, რომლებითაც საფუძვლიანად ამაყობს ჩვენი ქვეყანა. მაგალითის სახით დავასახელებთ მხოლოდ რამდენიმეს: ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი და თბილისის სპორტის სასახლე, სამების საკათედრო ტაძარი და პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი-ანტენა რეფლექტორი, „დინამოს“ სტადიონი, საქართველოს ბანკის სათაო ოფისი და მახათას მთაზე ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი. ცხადია, რომ ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება. შეგვიძლია თამამად ითქვას, რომ დღეისათვის ძნელია მოიძებნოს ოჯახი საქართველოში, რომლის ერთ წარმომადგენელს მაინც არ ჰქონდეს დამთავრებული „გეპეი“.
საქართველოში ყველა ქალაქსა და სოფელში შეგიძლიათ იხილოთ ქართველი ინჟინრების მიერ დაპროექტებული და აშენებული საცხოვრებელი სახლები და კორპუსები, თეატრები და საავადმყოფოები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები და ადმინისტრაციული შენობები, ქარხნები და ფაბრიკები. იგივე შეიძლება თამამად ითქვას ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოქმნილ ქვეყნებზეც.
უნდა ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის ბოლო წლებში შექმნილ ზოგიერთ უნივერსიტეტს ჰქონდა სურვილი და მცდელობაც კი დაეწყო ზემოთ აღნიშნულ რომელიმე საინჟინრო დარგის სპეციალისტების მომზადება, მაგრამ მალევე მიხვდნენ რომ ეს მეტად რთული ამოცანა მათთვის გადაუწყვეტელი იყო. დღეს, შედარებით ადვილია სასწავლო თუ სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების მოწყობა, თანამედროვე დანადგარებისა და აპარატურის შეძენა, შესაბამისი პროგრამა-სილაბუსების შედგენა, თუნდაც საჭირო სახელმძღვანელოების შექმნა ან თარგმნა და პროფესორ-მასწავლებელთა შერჩევაც კი, მაგრამ შეუძლებელია ეს ყოველივე გააკეთო მრავალი ათეული წლების მანძილზე შექმნილი და დღემდე შენარჩუნებული ტრადიციიების გათვალისწინების გარეშე, რომელთაც საფუძველი ქართული საინჟინრო ბრწყინვალე წარმომადგენელთა მიერ იქნა ჩაყრილი და თაობიდან თაობას დიდი სიყვარულით გადაეცემოდა. ყოველივე ამისა და სხვა მიზეზების გამო შეუძლებელი აღმოჩდა ენერგეტიკოსების და მშენებლების, რკინიგზელების და სამთოელების და ზოგიერთი სხვა სპეციალობების სწავლება-მომზადება ქვეყნის სხვა უნივერსიტეტებში. დღეს ეს მხოლოდ და მხოლოდ „გეპეიშია“ შესაძლებელი.
თსუ-ს პოლიტექნიკური ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მრავალი სიძნელის გადალახვა დასჭირდათ ქართულ ენაზე ინჟინრების მომზადებისათვის. უდიდესია მათი ღვაწლი ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის შექმნაში, სპეციალურ დისციპლინებში პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოების შედგენასა და სასწავლო ლაბორატორიების მოწყობაში.
აუცილებლად მიგვაჩნია გავიხსენოთ ჩვენი ქვეყნის სახელოვანი შვილები: ივანე ჯავახიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, ანდრია რაზმაძე, ანდრია ბენაშვილი, ალექსანდრე დიდებულიძე, ალექსანდრე ჯანელიძე, ალექსანდრე თვალჭრელიძე, გრიგოლ წულუკიძე, გიორგი გედევანიშვილი, ვასილ კაკაბაძე, გიორგი ნიკოლაძე, არჩილ ხარაძე, ნიკოლოზ მუსხელიშვილი და სხვები, რომლებმაც თავიანთი დაუღალავი პედაგოგიური, სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობით და პირადი ცხოვრებით მრავალი სახელოვანი ფურცელი ჩაწერეს გეპეის ისტორიაში, როგორც მისმა დამფუძნებლებმა. მათ გვერდზე არ შეიძლება არ ვახსენოთ ცნობილი მეცნიერები და ინჟინრები: კალისტრატე გაბუნია, არჩილ გულისაშვილი, გრიგოლ ქურდიანი, ივანე თულაშვილი, ივანე ვაწაძე, კონსტანტინე მარჯანიშვილი, ლევან დიასამიძე, ალექსანდრე ჩიქოვანი, სტეფანე ყირქესალიშვილი, ივანე ყიფშიძე, ლეონიდ ლეიბენზონი, ბესარიონ ჭიჭინაძე და სხვები, რომლებიც გასული საუკუნის დასაწყისში აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოში უმაღლესი საინჟინრო განათლების დასაფუძნებლად.
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი თავიდანვე მეტად აქტიურად ჩაება ჩვენი ქვეყნის სამრეწველო დარგების განვითარების პროცესში. ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა (ზაჰესი), რომელსაც სახელგანთქმული ინჟინერი ბესარიონ ჭიჭინაძე ხელმძღვანელობდა, იყო ინსტიტუტის პირველი გამოცდა.
ქართველი სამთოელების პირველმა თაობამ, რომლებიც უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებლის, გრიგოლ წულუკიძის მოწაფეები იყვნენ, სათავე დაუდეს სამთომომპოვებელ მრეწველობას. სამთოელების გვერდით, რა თქმა უნდა დიდ შრომას ეწეოდნენ ქართველი გეოლოგები ცნობილი მეცნიერების ა. ჯანელიძის, ა. თვალჭრელიძისა და კ. გაბუნიას ხელმძღვანელობით. ქართველმა გეოლოგებმა დაიწყეს მადნების ძიების პროცესში რთული სტრუქტურულ-ტექტონიკური, გეოფიზიკური და გეოქიმიური მეთოდების გამოყენება, აგრეთვე, მნიშვნელოვან სიღრმეებზე ბურღვის ახალი ტექნოლოგიური სისტემების შექმნა, რამაც შესაძლებელი გახადა სასარგებლო წიაღისეულთა ახალი საბადოების აღმოჩენა ტყვარჩელში, ტყიბულში, მადნეულში და სხვა ადგილებში.
ტექნიკური უნივერსიტეტის ფუძემდებლებმა პ. მელიქიშვილმა, გ. ნიკოლაძემ და ვ. კაკაბაძემ პროფესორ ლ. პისარჟევსკისთან ერთად საფუძველი ჩაუყარეს ქიმიკოს-ტექნოლოგებისა და მეტალურგების ქართულ სამეცნიერო სკოლებს, რაც აუცილებელი იყო საქართველოში ქიმიური და მეტალურგიული მრეწველობის განვითარებისათვის. გიორგი ნიკოლაძის ინიციატივით და დიდი ძალისხმევით მოხდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ამოქმედება ჭიათურის მანგანუმის საბადოების ბაზაზე, ეს კი ქართული მეტალურგიის უძველესი ტრადიციების აღდგენას ნიშნავდა. რუსთავის მეტალურგიული და ქიმიური კომბინატები, ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი, ქუთაისის ლითოფონის და მრავალი სხვა ქარხანა ქართველი მეტალურგების, ქიმიკოს-ტექნოლოგების და სხვა სპეციალობის ინჟინერთა თაობათა შრომის შედეგია.
ასევე რთული ამოცანების გადაწყვეტა მოუხდათ ტრანსპორტის დარგის ინჟინრების პირველ თაობას. საქართველოში ელექტრული ტრანსპორტის დარგის ფუძემდებელმა პროფესორმა სტეფანე ყირქესალიშვილმა დაიწყო რთულ ბუნებრივ პირობებში რკინიგზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე და მისი ელექტროფიკაცია. პირველი თაობის ქართველმა ტრანსპორტელებმა შეძლეს სეისმურად მდგრადი საინჟინრო ნაგებობების დაპროექტება და აშენება, წინასწარ დაძაბული კონსტრუქციების შექმნა, გვირაბების მოპირკეთების ახალი კონსტრუქციების დამუშავება და ელექტრული წევის სხვა ურთულესი ამოცანების გადაწყვეტა.
რიონჰესი, ხრამჰესი, ენგურჰესი, თბილსრესი, მრავალი სხვა ენერგოობიექტი პირმშოა ქართველ ენერგეტიკოსთა სახელოვანი ტრადიციებისა. აკადემიკოს ა. დიდებულიძის სკოლის მოწაფეები სათავეში ჩაუდგნენ საქართველოში ელექტროფიკაციის განხორციელებას. შეიქმნა ერთიანი ენერგოსისტემა. ქვეყანაში აშენდა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების ქსელი.
ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა წარმატებების აღნიშვნისას გვერდს ვერ აუვლით ქართველ მანქანათმშენებელთა იმ თაობებს, რომლებიც დიდი მეცნიერისა და პედაგოგის გიორგი გედევანიშვილის სკოლიდან გამოვიდნენ. სწორედ ამ სკოლის აღზრდილები ჩაუდგნენ სათავეში საქართველოში ჩარხმშენებლობის, საავტომობილო და საავიაციო მრეწველობის განვითარებას.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქართველი არქიტექტორების ღვაწლი ქვეყნის ქალაქებისა და დაბების, სოფლებისა და კურორტების პროექტირებასა და მშენებლობაში. დიდია ქართული არქიტექტურული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის პროფესორ ირაკლი ციციშვილის ღვაწლი საქართველოს ისტორიული ძეგლების დაცვისა და რესტავრაციის ეროვნულ საქმეში.
უნდა აღინიშნოს ქართველ პოლიტექნიკოსთა აქტიურ მონაწილეობას მეორე მსოფლიო ომში. ვინ მოთვლის, რამდენი ღირსეული ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური ინსტიტუტის კედლები. მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ინსტიტუტის ექვს კურსადმთავრებულს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. საბედნიეროდ ომმა ვერ შეაჩერა საინჟინრო კადრების მომზადების პროცესი. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს და შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტს სათავეში ყოველთვის ედგნენ კარგი მეცნიერები და სპეციალისტები, ძლიერი ორგანიზატორები, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს საქართველოს ტექნიკური განათლების ფლაგმანის სახელოვან ისტორიაში.
საბედნიეროდ, სტუ მხოლოდ თავისი წარსულით არ არის გამორჩეული.
სამსაფეხურიანი აკადემიური განათლება, ბოლონიის პროცესით განსაზღვრული ნორმებით სწავლება და თანამედროვე ინოვაციური მეთოდებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვა განაპირობებს იმას, რომ სტუ-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ, სამრეწველო, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში. მრავალი მაჩვენებლით სტუ-ს მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია არა მარტო ქვეყანაში, არამედ სამხრეთ კავკასიაში და რეგიონშიც.
2010 წლიდან უნივერსიტეტში ახალი სამეცნიერო სტრუქტურების სახით ფუნქციონირებს რამდენიმე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომლებიც ადრე შედიოდნენ საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში: კიბერნეტიკის, მართვის სისტემების. გამოთვლითი მათემატიკის, კვების მრეწველობის, წყალთა მეურნეობის, ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის, მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტები, გაერთიანება ,,ანალიზხელსაწყო’’, ინსტიტუტები „ტალღა“ და ,,ტექინფორმი’’, ასევე ბიოტექნოლოგიის ცენტრი და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი. გარდა აღნიშნულისა, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ასზე მეტი სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი, რომლებიც საქმიანობენ თვითდაფინასების პრინციპებით. ზემოთნახსენები ინსიტუტების და ცენტრების სახით სტუ-მ მიიღო მძლავრი სამეცნიერო-კვლევითი და საწარმოო-ლაბორატორიული ბაზების მქონე ორგანიზაციები, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაზარდეს უნივერსიტეტის სამეცნიერო-საწარმოო და ტექნიკურ-ტექნოლოგიური პოტენციალი.
საქართველოში დღეისათვის არსებული უნივერსიტეტებიდან მხოლოდ სტუ-შია შესაძლებელი ქვეყნისათვის მეტად საჭირო და აუცილებელი სპეციალობების მქონე ინჟინრების მომზადება ენერგეტიკის, სამთო საქმის, გეოლოგიის, სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის, რკინიგზის და საავტომობილო ტრანსპორტის, აგროინჟინერიის, ბიოტექნოლოგიის და სხვა დარგებისათვის.
როგორც ზევით ითქვა, მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულში საქართველოს პოლიტექნიკურმა ინსტიტუტს სტატუსი შეეცვალა და საქმიანობა გააგრძელა ახალი სახელწოდებით - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ეს არ იყო მხოლოდ სახელის ცვლილება. განხორციელდა მთელ რიგი თვისობრივი ცვლილებები, დაიხვეწა ორგანიზაციის სტრუქტურა. ჩამოყალიბდა ახალი ეკონომიკური-ინჟინრული პროფილის სპეციალობები.
დღეს სტუ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ყველაზე ძველი და ამავე დროს ყველაზე თანამედროვე უმაღლესი საინჟინრო განათლების ცენტრია, რომელიც თავისი სასწავლო, სამეცნიერო და ტექნიკური შესაძლებლობებით დიდი მონდომებით ემსახურება მაღალკვალიფიციური თანამედროვე საინჟინრო კადრების აღზრდას.
ნუგზარ-ზაზა იაშვილი
საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი