
ოლიმპიურ პრინციპებს რუსეთი განუწყვეტლივ არღვევს და ოლიმპიური თამაშების პერიოდს ომის წარმოებისთვის იყენებს - 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ომი, 2014 წელს ყირიმის ოკუპაცია, 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ უკრაინელი სპორტსმენის, ვლადისლავ ჰერასკევიჩის ომში დაღუპული სპორტსმენების გამოსახულებიანი ჩაფხუტის ტარების გამო მილანის ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან დისკვალიფიკაციას.
„სპორტი ამნეზიას არ უნდა ნიშნავდეს და ოლიმპიურმა მოძრაობამ ხელი ომების დასრულებას უნდა შეუწყოს და არა აგრესორებს. სამწუხაროდ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება სკელეტონში უკრაინელი მრბოლელის ვლადისლავ ჰერასკევიჩის დისკვალიფიკაციის შესახებ საპირისპიროს ამტკიცებს. ეს ნამდვილად არ ეხება ოლიმპიადის პრინციპებს, რომელიც სამართლიანობისა და მშვიდობის მხარდაჭერას ეფუძნება“, - წერს ზელენსკი X-ზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ სპორტსმენს მისი მკაფიო პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.
„მისი ჩაფხუტი, რომელზეც დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების პორტრეტებია გამოსახული, პატივისცემისა და ხსოვნის სიმბოლოა. მთელი მსოფლიოსთვის შეხსენებაა იმისა, თუ რა არის რუსული აგრესია და რა არის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საფასური. ამ შემთხვევაში, არცერთი წესის დარღვევა არ მომხდარა. სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე რუსეთმა 660 უკრაინელი სპორტსმენი და მწვრთნელი მოკლა. მიუხედავად ამისა, ამჟამად იტალიაში ოლიმპიურ თამაშებში 13 რუსი მონაწილეობს. ისინი „ნეიტრალური“ დროშების ქვეშ ასპარეზობენ, რეალურად კი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას მხარს უჭერენ. დისკვალიფიკაციას სწორედ ისინი იმსახურებენ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.