
ლორა თორნტონმა მარტა კოსსაც კი გადააჭარბა. მარტა კოსი ზოგადად მაინც საუბრობდა იმაზე, რომ საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით ფულის შემოტანას აპირებდნენ, ამან ორგანიზაციები დაასახელა – NDI, „სოროსის ფონდი“. წარმოუდგენელი თავხედობაა, როცა ადამიანს ოფიციალურ ორგანოში შეუძლია, ორგანიზაციები დაასახელოს და თქვას, რომ საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლას აპირებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ კარგად იცოდეს, რომ საქართველოს კანონმდებლობას აქ გვერდს ვერ აუვლის.
„საქმე აქამდე რომ მივიდა და ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრება რომ მოხდა, ზუსტად იმ მცდელობების ბრალი იყო, რომ საქართველოში შემოსული თანხები დანიშნულებისამებრ არ იყო გამოყენებული. ამბობდნენ, რომ ეს თანხა რაღაცას ხმარდებოდა, მაგრამ, რეალურად, არეულობას და რევოლუციას ხმარდებოდა. ყველას კარგად ახსოვს, ლორა თორნტონი თავისი მოწოდებებით რის გაკეთებას აპირებდა, რა მოწოდებები ჰქონდა, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები როგორ დაეყარათ სახელმწიფო სტრუქტურების წინ. თურმე ახლა თანხების შემოტანას აპირებს და რისთვის, მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები რომ დააფინანსოს? ბოლოდროინდელი მხილებებიდან გამომდინარე, ჰელსინკის კომისია იმდენად დიდ სკანდალებში გაეხვა, რომ სენატორებმა, კონგრესმენებმა, ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობრებმაც“ კი ვერ მოიცალეს, რომ იქ მოსულიყვნენ და ასეთი „პერფორმანსისთვის“, იმ უმსგავსობისთვის მხარი დაეჭირათ, რაც იქ ხდებოდა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე განაცხადა: „კანონები აუცილებლად შეზღუდავს დაფინანსების ნაკადს საქართველოში, მაგრამ დონორებმა იპოვეს კრეატიული გზები, ეს შეუძლებელი არ არის, თუმცა სარისკოა“.