
აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის პანელისტებად მიწვეულნი იყვნენ McLarty Associates-ის უფროსი მმართველი დირექტორი კლერ კაიზერი, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი ლორა თორნტონი და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარი ოლესია ვართანიანი.
ლორა თორნტონმა აღნიშნა, რომ „USAID-ის დაფინანსების შეკვეცის კიდევ ერთი დიდი გავლენა მსოფლიოსა და საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე აისახება“.
„მაგალითად, ადვოკატები, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებსა და მომიტინგეებს ეხმარებიან, სწორედ იმ ორგანიზაციებიდან არიან, რომლებსაც USAID-ი უჭერდა მხარს. ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში დამოუკიდებელ მედიას ეხმარებიან, USAID-ის მიერ იყვნენ მხარდაჭერილნი. ის ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლიათ საარჩევნო უბნებზე მისვლა, დაკვირვება, მსოფლიოსთვის სიმართლის თქმა იმაზე, თუ რა მოხდა, ხმების პარალელური დათვლა და ა.შ. - ეს ყველაფერი USAID-ის მიერ ფინანსდებოდა“, - განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა.
„არ ვამბობ, რომ სხვა დონორები არ არსებობენ. მადლობა ღმერთს, არიან. თუმცა დიდი დრო მაქვს გატარებული მოლდოვაში მუშაობაშიც და იქ USAID-ის დაფინანსების შეკვეცა, ფაქტობრივად, რუსეთისთვის ხელის შეწყობა იყო, რადგან შეწყდა ჩვენი მხარდაჭერა დეზინფორმაციისა და უცხოური გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში. ასე რომ, ვფიქრობ, ეს დამანგრეველია. შესაძლებელია თუ არა მხარდაჭერის აღდგენა? ვიტყოდი, რომ ამის დიდი იმედი მაქვს. მე მჯერა საქართველოს მთავრობისთვის დახმარების სრული შეწყვეტის, მაგრამ ასევე მჯერა სამოქალაქო საზოგადოებისთვის მისი გასამმაგების. ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია იმ კანონმდებლობის გამო, რომელიც ახლა მოქმედებს - როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემს გერებსაც კი ვერ ვუგზავნი ფულს, რადგან ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატები ამ საქმეში გამოცდილია. ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა NED, მარშალის ფონდი, სოროსის ფონდი და სხვები, წლების განმავლობაში უჭერდნენ მხარს მცირე სამოქალაქო ორგანიზაციებს ძალიან ჩაკეტილ ქვეყნებში.
არ მინდა მეთოდებსა და ტაქტიკაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ ჩვენ კარგად გამოგვდის გზების პოვნა - შეგვიძლია დავეხმაროთ ხალხს ჩაკეტილ გარემოშიც. ჩვენ შეგვიძლია ადაპტირება და არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა საქართველოში. ამიტომ, ვისურვებდი მივიდეთ იმ წერტილამდე, სადაც აშშ-ის მთავრობა გაზრდის დახმარებას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. არ მგონია, რომ ამ დახმარების რაღაც ეტაპზე განახლება შეუძლებელი იყოს“, - დასძინა მან.