
სრულიად სამარცხვინოა ჩვენი ფიგურული მოსრიალე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. რვიდან ექვსი სპორტსმენი რუსეთის მკვიდრია, რუსეთის სპორტის ნაწილია ან მჭიდროდ არის დაკავშირებული ოკუპანტ ქვეყანასთან, – წერს ექსპრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დროშა ეთერ თუთბერიძის ქალიშვილს გამოატანინეს.
„თუთბერიძე პუტინის მხურვალე მომხრეა და ამართლებს უკრაინის წინააღმდეგ ომს და საქართველოს ოკუპაციას. მოვუწოდებ მსოფლიოს, არ აღიქვას ეს ნაკრები საქართველოს წარმომადგენლად და არ მეგონა, თუ ამას ოდესმე ვიტყოდი, მოვუწოდებ ქართველებს, გაემიჯნონ ამ ნაკრებს, ვინაიდან მისი სახით რეჟიმმა შემოგვასაღა რუსეთის ჩრდილოვანი ნაკრები.
თავის დროზე ელენე გედევანიშვილი რუსეთიდან გამოაგდეს იმიტომ, რომ არ დათანხმდა გარუსებას, ესენი კი პირიქით მოქმედებენ. ჩემს დროს ფუნქციონირებდა ოთხი ყინულის მოედანი, ახლა არცერთი. ალისას მიყვანა გვინდოდა და ყველა დაკეტილია. მე გუდაური გავადიდე სამჯერ. გავხსენი ახალი სათხილამურო ტრასები აჭარაში, მესტიაში, თეთნულდზე. ივანიშვილმა შეაჩერა თეთნულდის განვითარება. აქაოდა რად გვინდა თეთნულდი, როცა სოჩა არსებობსო“, – წერს სააკაშვილი.