
მე მქონდა სამართლიანი გამოძიების მოთხოვნა. დიახ, მათ ეკუთვნოდათ ჯგუფური მუხლი, - განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ.
მისი თქმით, კიდევ არიან სხვა არასრულწლოვანებიც, რომლებზეც გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.
„მე მქონდა სამართლიანი გამოძიების მოთხოვნა. ამ ოთხი პიროვნების მიმართ, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ჩემი გადასახედიდან ეს იყო მკვლელობის დაგეგმვა, დიახ, მათ ეკუთვნოდათ ჯგუფური მუხლი. ამ ოთხ ადამიანთან სწორად წავიდა ყველაფერი, დანარჩენებთანაც ველოდები იმავეს.
ჯერ გამოძიება ბოლოში არ არის გასული. კიდევ არიან სხვა არასრულწლოვანებიც, რომლებზეც გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. სავარაუდოდ, მათაც მალე დაიჭერენ“, - აღნიშნა ეკა კუპატაძემ.
მისივე განცხადებით, პროკურორებთან კომუნიკაცია ჰქონდა.
„ეს არის სწორად წარდგენილი ბრალი, 117-ეს მეოთხე. ეს არის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია გარდაცვალება. მქონდა კომუნიკაცია პროკურორებთანაც. მე არ ვიცი საქმის მასალები დეტალურად, მაგრამ ვიცი, რომ ჩატარებულია ძალიან დიდი სამუშაო. ჩემი მეზობლებიც კი ხელახლა დაიკითხნენ. ვიცი, რომ ჩხრეკები ჩატარდა ყველა არასრულწლოვანის ოჯახში, ამოღებულია დიდი ოდენობით ტელეფონები, გადაცემულია ექსპერტიზაზე. ამ დროისთვის პროკურატურა სწორ რელსებზე დგას, მჯერა, რომ არ გადაუხვევს. ვენდობი და ვამოწმებ ბოლომდე“, - აღნიშნა მან.