"მათ მფლობელებს არ აქვთ გააზრებული პასუხისმგებლობა ქვეყნის ეკონომიკისა და მოსახლეობის წინაშე"
თამარ ვეფხვაძე
11.02.2026

ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის პირველი სხდომა უკვე გაიმართა. დეპუტატები სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და დეტალურად მოისმინეს ის პრობლემები, რაც პროდუქტებს აძვირებს. გამოიკვეთა რამდენიმე სახის პრობლემა, თუმცა ქსელური მარკეტების მიერ დაწესებული "ქეშბექი“ ის უმთავრესი პრობლემაა, რაც ყველა მწარმოებელს აწუხებს. ხელისუფლება მზადაა, მწარმოებლების გარდა, დისტრიბუციისა და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებსაც შეხვდეს და პრობლემა შეაჯეროს, რომ პრობლემა აღმოფხვრას, ხოლო ექსპერტები ქსელური მარკეტების მფლობელებს „რეკეტიორისა“ და ბიზნესმენის ერთგვარ, მახინჯ სიმბიოზს უწოდებენ. 

ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიის პირველ სხდომაზე სხვადასხვა კომპანიების მფლობელებმა იმ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც საბოლოო ჯამში, პროდუქციის გაძვირებას იწვევს. კომპანია „კოდას“ წარმოების დირექტორმა, გიორგი ავალიანმა სრული მზადყოფნა გამოთქვა პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით. მწარმოებლებს არ სურთ, რომ ფასები მხოლოდ მათ ხარჯზე შემცირდეს და ამისთვის საჭიროა კომპლექსური მუშაობა. 

გიორგი ავალიანის განცხადებით, კომპანიებისთვის პრობლემური და მძიმეა ის ერთჯერადი გადასახადი, რომელსაც ქსელური მარკეტები უწესებენ მაღაზიის გახსნისას, რათა კომპანიის პროდუქცია მათ დახლებზე მოხვდეს. 

„ე.წ. ქეშბექი, რომელიც განხილვის საგანია, წლიდან წლამდე მატულობს. დღევანდელი მოცემულობით, დაახლოებით, 22-25%-მდე მერყეობს  ქსელურ მარკეტებთან, არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად სად, ზოგადად, ბაზარზე ასეთი მდგომარეობაა. ჩვენი პროდუქციის გასაყიდი ერთეულის ღირებულების, ამასთან ყოველი ახალი გახსნილი მაღაზიის მოსაკრებელს ვიხდით ერთჯერადად - 500, 100, 2000 და 3000 ლარამდეც ადის, როცა ჰიპერმარკეტებზეა საუბარი. ოღონდ, შეიძლება ეს ქსელური მარკეტი გაფართოვდეს და 8 ან 10 ობიექტი გახსნას. შესაბამისად, 10-ჯერ მეტი თანხა მაქვს გადასახდელი მე, რათა ამ ობიექტზე ჩვენი პროდუქცია გაიყიდოს, აღნიშნული პრობლემად და გამოწვევად რჩება ჩვენთვის“, - განაცხადა გიორგი ავალიანმა.

იგივე პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება „ლიდერფუდის“ დამფუძნებელმა, ირაკლი დუმბაძემ და აღნიშნა, რომ „ქეშბექი“ მზარდია - მისი პროდუქციის 45% არის თვითღირებულება, ხოლო 36-37% - „ქეშბექი“. კომპანიის რეალიზაციის 90-95% ორგანიზებულ ქსელზე - სუპერმარკეტებზე მოდის.

კომპანია „სანტეს“ წარმომადგენელმა, გიორგი გეწაძემ კომისიის სხდომაზე იმ მთავარ გამოწვევაზე ისაუბრა, რომლის წინაშეც საწარმო დგას. კომპანიისთვის მთავარი პრობლემა ნედლეულის ფასია. ასევე, მომწოდებლების რაოდენობა და აღნიშნა, რომ თუ ფერმერული სექტორი განვითარდება და რძის მწარმოებელი მეტი კომპანია გაჩნდება, კონკურენცია გაიზრდება, რძე გაიაფდება და საბოლოო პროდუქტის ფასიც შემცირდება.

საბოლოოდ, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა სხდომაზე განხილული საკითხები შეაჯამა და განაცხადა, რომ დისკუსიის დროს, ხუთი ძირითადი პრობლემა გამოვლინდა, რომელიც პროდუქციის გაძვირებას იწვევს. 

„პირველი - წარმოების ნაწილში აღმოჩნდა, რომ მწარმოებელი დიდწილად დამოკიდებულია იმპორტირებულ ნედლეულზე, რომელიც თავის მხრივ, იმპორტის ინფლაციურ წნეხს ქმნის. 

მეორე - წარმოების ხარჯის გარდა, ასევე საოპერაციო ხარჯის ნაწილში განსაკუთრებით დიდი წილი ეთმობა ე.წ. გაყიდვებისა და მარკეტის ხარჯს, რომელიც შედგება „ქეშბექების“, მაღაზიაში შესვლის, თაროს გადასახადის და ა.შ. - ეს მნიშვნელოვნად აძვირებს პროდუქციას. კომისიისთვის 

მესამე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომ ურთიერთობის ჯაჭვში მწარმოებელ, დისტრიბუტორსა და „რითეილერებს“ შორის არსებობს ასიმეტრიული ურთიერთობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედა რგოლს უფრო მეტი პირობების დაყენება შეუძლია კომერციულ ურთიერთობებში. 

მეოთხე პრობლემად გამოვლინდა ნაშთების მართვა. მათი ოპტიმიზაცია საშუალებას მოგცემთ, უფრო ეფექტურად იმუშაოთ. 

მეხუთე კატეგორიის პრობლემაა, სამუშაო კაპიტალი, კაპიტალის ღირებულება და გადახდის დაგვიანების შემთხვევები, რომელიაც აისახება პროდუქტის თვითღირებულებაში და ფასზე ესეც ქმნის დამატებით წნეხს“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

ზუსტად ამ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა „რეზონანსთან“ საუბრისას. მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე ყველა ის პრობლემა დადასტურდა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველივე დღეს ისაუბრა. 

„რიგ შემთხვევაში, ეს არის წარმოუდგენლად დიდი გადასახადები, სავაჭრო ქსელების მხრიდან. ასევე ის ასიმეტრიული ურთიერთობები, რომელიც სისტემაში არსებობს. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს არის მხოლოდ ერთი მხარის მიერ გახმოვანებული საკითხები და პრობლემები. ამიტომ არ იქნება სწორი, თუ საბოლოო დასკვნებს გამოვიტანთ მეორე მხარის მოსმენის გარეშე. ჩვენ გვექნება სხვა მწარმოებლებთან შეხვედრის შესაძლებლობა, მათ შორის, დისტრიბუტორთა ქსელთან და ბოლოს უკვე, ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებთან. მათთან ჩატარებული შეხვედრები, საბოლოო ჯამში, შეკრავს თემას და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ დასკვნის სახით, მივიღოთ რეკომენდაციები, საკანონმდებლო ცვლილებების გადაწყვეტილებები ან სხვა ფორმით, ამ პროცესში ჩარევის შესაძლებლობა დავადგინოთ“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნინო წილოსანმა. 

სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასი არის უმნიშვნელოვანესი თემა, რომელიც საზოგადოების ყველა წარმომადგენელს, ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აწუხებს და აღელვებს. ცხადია, მოსახლეობა დიდი გულისყურით აკვირდება მოვლენებს და ერთი სული აქვს, კომისიის მუშაობის შედეგი იხილოს. „რეზონანსის“ კითხვაზე, დაახლოებით, როდის უნდა ველოდოთ პირველ პოზიტიურ სიგნალს, ნინო წილოსანმა გვიპასუხა:

„არ მინდა ნაადრევი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ როგორც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, აპრილის ბოლოს, ჩვენ ერთობლივი პოზიცია გვექნება ჩამოყალიბებული, როგორც პარლამენტს, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას. იცით, რომ სამთავრობო კომისიაშიც გრძელდება შეხვედრები. ერთი, რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ მართალია, ბოლო წლების მანძილზე, ეკონომიკა და საშუალო ხელფასები იზრდება, მაგრამ ადამიანების ყოფა და ცხოვრების დონე, დიდწილად, ვერ შეიცვალა. ეს იმიტომ, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, რომლებსაც ყოველდღიურად მოიხმარენ, თითქმის იდენტური პროცენტით გაიზარდა ფასი, როგორც მაგალითად, საშუალო ხელფასი.

ამ პირველმა შეხვედრამ დაგვანახა, რომ გაიაფების რესურს არსებობს. თავისთავად, სახელმწიფო ვერ ჩაერევა უხეშად ბიზნესის საქმეში, თუმცა ჩვენ გვაქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ იქ, სადაც ბიზნესი ახერხებს საკუთარი ინტერესი უპირატესად დააყენოს მომხმარებლის ინტერესზე, ჩაერიოს პოზიტიურად და არა უხეშად. სწორედ ამ პოლიტიკის ფარგლებში, ბიზნესთან ერთად, ვფიქრობ, რომ აპრილის ბოლოს, კონკრეტული გადაწყვეტის გზები გვექნება“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ წილოსანმა. 

ზუსტად იგივე პრობლემებზე  გაამახვილა ყურადღება ეკონომიკის ექსპერტმა დავით ჩიხელიძემ, თუმცა, მან გაკვირვება ვერ დამალა იმ პრობლემის გამო, რაც ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გამოიკვეთა:

"გამოჩნდა, რომ დიდ სუპერმარკეტებსა და ბაზრის მსხვილ მოთამაშეებს შორის, არსებობს გაბერილი გადასახადები. კერძოდ, შესვლის გადასახადი, თუ სად უნდა იყოს პროდუქცია განთავსებული, „ქეშბექი“ და ა. შ. გამიკვირდა ერთი რამ - საკმაოდ არასამართლიანი თამაშის წესები მოქმედებს ამ ბაზარზე - ერთი, რომ ადგილობრივ წარმოებას შესვლა არ შეუძლია, თუ ის მცირე წარმოებაა, რადგან გადახდის საშუალება არ აქვს. ავიღოთ კვერცხის მაგალითზე, მწარმოებელმა თქვა, რომ ყოფილა შემთხვევა, მაღაზიაში პროდუქციის შეტანისთვის 2000-3000 ლარიც კი მოსთხოვეს ერთჯერადად. სხვადასხვა სახის გადასახადებია, ისევ და ისევ მაღაზიების მიერ დაწესებული და რეალურად, გამოდის, რომ ადგილობრივ მწარმოებელს არც კი უღირს, საქართველოში აწარმოოს პროდუქცია“, - განუცხადა „რეზონანსს“ დავით ჩიხელიძემ.  

ამიტომაც აუცილებელია, რომ კანონმდებლობით, მკაცრად განისაზღვროს, რა ტიპის გადასახადების დაწესების უფლება აქვთ ჰიპერმარკეტებს, თუ ქსელურ მარკეტებს, რადგან არის გადასახადები, რომელსაც იხდის კონკრეტული შემომტანი თუ მწარმოებელი სახელმწიფოს სასარგებლოდ და ეს გადასახადები ხმარდება პენსიებს, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, განათლებას. 

„თუმცა, ვხედავთ, რომ არის გამოგონილი გადასახადებიც, რომლებიც რამდენიმე ადამიანის ჯიბეში მიდის, სახელმწიფოს არ ხმარდება და პირიქით - ამუხრუჭებს სახელმწიფოს განვითარებას, ადგილობრივ მწარმოებელს კი უკლავს მოტივაციას, რომ პროდუქცია აწარმოოს. ვხედავთ, რომ პროდუქცია მაღაზიაში შედის იაფად, მაგრამ მაღაზიის მიერ დაწესებული ეს გადასახადები ზრდის პროდუქციის ფასს და გარდა ამისა, გადასახადების მიღმა, ქსელური მარკეტები საკუთარ მოგების მარჟასაც ამატებენ ზემოდან. 

ქსელური მარკეტების მფლობელებს არ აქვთ გააზრებული პასუხისმგებლობა ქვეყნის ეკონომიკისა და მოსახლეობის წინაშე, ამიტომ კლასიკური გაგებით, ისინი ბიზნესმენები არ არიან. ეს არის მახინჯი სიმბიოზი რეკეტიორსა და ბიზნესმენს შორის“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას დავით ჩიხელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×