
ენერგეტიკული კომპანიებისთვის დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერის შესახებ საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა. დოკუმენტის მიხედვით განისაზღვრა პირობები, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლოს ამნისტია მოხდება.
ირკვევა, რომ 2026 წლის 10 თებერვლის ჩათვლით ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის სექტორში არსებული კომპანიისთვის, რომელსაც ვალდებულებების დარღვევა უფიქსირდებოდა, ჯარიმის დაკისრება უნდა განეხორციელებინა.
უკვე 16 მარტის ჩათვლით კომპანიების მხრიდან ჯარიმის პატიების მოთხოვნისა და საბანკო გარანტიების წარდგენის შემთხვევაში, სამინისტრომ საქართველოს მთავრობას ჯარიმების ჩამოწერის თაობაზე უნდა წარუდგინოს წინადადება იმ პირობით, რომ კომპანიები განახლებული ვადებით დაკისრებულ ვალდებულებებს შეასრულებენ.
ენერგო კომპანიებს ჯარიმა ჩამოეწერება - ვინ ვერ ისარგებლებს ამნისტიით
ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები, რომლებსაც ჯარიმა უფიქსირდებათ, სახელმწიფოსთან დადებული მემორანდუმის გაუქმების შესახებ სამინისტროს მიმართავენ, ეკონომიკის სამინისტრომ მთავრობას ჯარიმის პატიებისა და ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე უნდა მიმართოს.
დოკუმენტის მიხედვით, თუ კომპანიები ჯარიმის ჩამოწერის ან/და მემორანდუმის შეწყვეტის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს არ მიმართავენ, უწყებამ კანონმდებლობის ფარგლებში მთავრობას თავად უნდა მიმართოს.
ირკვევა, რომ განკარგულება არ გავრცელდება „ნენსკრა ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის და თბოელექტროსადგურების შესახებ დადებული ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების შემთხვევაში.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიას, კონკრეტული დათქმით, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი, ჯამში 1 მლრდ ლარის მოცულობის ჯარიმა ჩამოეწერება.
რაც შეეხება დათქმას, ირაკლი კობახიძის თქმით, „კომპანიებს განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, სრულად დაეკისრებათ ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება და აღუდგებათ ნაპატიები ჯარიმებიც“.
წყარო: bpn.ge