რეზონანსი
11.02.2026

10 თებერვალს თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, მძიმე ავარია მოხდა, რომელსაც 21 წლის ზაზა ვაშაყმაძე შეეწირა. ახალგაზრდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის მკვიდრია. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. როგორც ირკვევა, მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა. არსებული ინფორმაციით, საჭესთან გარდაცვლილის ძმაკაცი იჯდა. ის სიკვდილს გადაურჩა, თუმცა დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

“დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. ზაზა 21 წლის იყო. გამორჩეული... ჩვენი თვალებციმციმა ბიჭი ზაზუკა აღარ გვყავს. ელიავაზე მუშაობდა. ღამის ცვლიდან მოდიოდნენ, ფონიჭალაში ცხოვრობდა. ძმაკაცს უთქვამს, გზამდე გაგიყვანო და ჩაუჯდა მას მანქანაში და დაგვღუპა. მისი მეგობარი იჯდა საჭესთან.

სიჩქარის და სიცივის ეშინოდა. ძალიან თბილი და კეთილი ბიჭი იყო. ყველანი განადგურებულები ვართ. ეს არ უნდა მომხდარიყო. საოცრად მზრუნველ ოჯახში გაზრდილი ბიჭია. მართლა კარგი შვილი. ბებიამ გაზარდა. დედამისი თურქეთში მუშაობდა, სალონში . ახლახანს ააშენეს კერძო სახლი და ბედნიერად ცხოვრობდნენ. ახლა ამ საშინელი რეალობის წინაშე ვართ”, - განუცხადა "კვირის პალიტრას" გარდაცვლილი ბიჭის ახლობელმა.

როგორც მერის წარმომადგენელმა გვითხრა, დღეს ელოდებიან სოფელში ცხედრის გადასვენებას.

“ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო. ზაზას ძმაც ჰყავს, წლებია თბილისში ცხოვრობენ. ამ ბავშვმა სკოლაც იქ დაამთავრა. მამამისი 2-3 წელია სოფელში ცხოვრობს. ძალიან მშრომელი და კარგი ადამიანია. ახლა ეს უბედურება დაატყდათ თავს. დღეს ველოდებით ზაზას ცხედრის გადმოსვენებას. გლოვაა სოფელში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. სოციალური ქსელით ვნახე ამ უმძიმესი ავარიის ფოტოები, სხვა დეტალები არ ვიცი” , - თქვა მერის წარმომადგენლმა სოფელ როკითში დავით კოხოძემ.

წყარო: "კვირის პალიტრა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×