
დიდი ალბათობით, შეამჩნევდით, რომ [„ქართულ ოცნებასთან“] აღარ არის რაიმე სახის მაღალი დონის შეხვედრები უკანასკნელ პერიოდში, რადგან მაღალი დონის შეხვედრებს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც არსებობს პოზიტიური დღის წესრიგი. ახლა ჩვენ არ გვაქვს პოზიტიური „აჯენდა“. რაც შეეხება პირადად ჩემს ურთიერთობას, მე ვიცნობ „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრ ლიდერს, ჩვენ გვქონია „სუფრა“ ერთად, გვითქვამს მეგობრობის, პარტნიორობის, საქართველოს ევროპული მომავლის სადღეგრძელოები და ახლა ბევრ მათგანს ჩემთან მეგობრობა აღარ სურს. მაქვს განცდა, რომ ჩემთან ერთად გამოჩენა აღარ არის ხელსაყრელი ამ გიჟური ნარატივის გამო, რომ გერმანია და ევროკავშირი ცუდია, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდისგან წამოსულ თავდასხმებს პერსონალურად არ იღებს, რადგან ეს არის თავდასხმა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩის მიმართ და მის ადგილას სხვაც შეიძლება ყოფილიყო.
„დიდი ალბათობით, შეამჩნევდით, რომ აღარ არის რაიმე სახის მაღალი დონის შეხვედრები, უკანასკნელ პერიოდში, რადგან მაღალი დონის შეხვედრებს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც არსებობს პოზიტიური დღის წესრიგი, როდესაც რაღაც პოზიტიურია გასაკეთებელი და ახლა ჩვენ არ გვაქვს პოზიტიური „აჯენდა“. რაც შეეხება პირადად ჩემს ურთიერთობას, მე ვიცნობ „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრ ლიდერს, ვიცნობ მათ ძალიან კარგად, ზოგიერთ მათგანს გერმანულად ვესაუბრები, ზოგიერთი საუბრობს სუფთად გერმანულად, ბევრი მათგანი გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ყოფილა, მქონდა ყველა სახის შეხვედრა მათთან, ჯგუფში, ისე კონფიდენციალური შეხვედრები, ფოტოები არსებობს, ყველას უნახავს ჩემი ფოტოები საქართველოს „ლიდერშიფთან“, ჩვენ გვქონია „სუფრა“ ერთად, გვითქვამს მეგობრობის, პარტნიორობის, საქართველოს ევროპული მომავლის სადღეგრძელოები, ყველაფერი მშვენივრად იყო და ახლა ბევრ მათგანს ჩემთან მეგობრობა აღარ სურს, მაქვს განცდა, რომ ჩემთან ერთად გამოჩენა აღარ არის ხელსაყრელი, ხელსაყრელი აღარ არის ჩემთან დაკავშირება, შეტყობინებების გამოგზავნა, აღარ სურთ ჩემთან მეგობრობა ამ გიჟური ნარატივის გამო, რომ გერმანია და ევროკავშირი ცუდია, მაგრამ ჩვენ არ ვართ ცუდები. ამას პერსონალურად არ ვიღებ, თავდასხმები მიმართულია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩის წინააღმდეგ, ვინმე სხვა შეიძლება მჯდარიყო ჩემს ადგილას. მე ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში და ეს მეგობრები გამოხატავენ მადლიერებას გერმანიის მიმართ, მადლობა ეუბნებიან ელჩს, მადლობას უხდიან პეტერს და ამბობენ, ჩვენ ქართველები ვართ ევროპელები, ჩვენ გვსურს ევროპული მომავალი, გთხოვთ, არ მიგვატოვოთ და ჩემი პასუხია, რომ ჩვენ არ მიგვიტოვებიხართ და არ მიგატოვებთ!“- განაცხადა ელჩმა.
ამასთან, მან 2025 წლის ოქტომბერში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, კონსულტაციების მიზნით, საქართველოდან მისი რამდენიმე კვირით გაწვევის საკითხზეც ისაუბრა და ის გზავნილები განმარტა, რომელიც საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებისგან მიიღო. როგორც ელჩმა აღნიშნა, ოფიციალური ბერლინისგან უპირატესი თხოვნაა, შეწყდეს დეზინფორმაციული თავდასხმები გერმანიის, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩის მიმართ.
„არაფერია საიდუმლო კონსულტაციებთან დაკავშირებით. მე ვიყავი გაწვეული კონსულტაციებისთვის. ეს არის დიპლომატიური ტერმინი, რომელიც გამოხატავს პროტესტს ან უთანხმოებას - სწორედ ეს გააკეთა გერმანიამ, გამოხატა პროტესტი/უთანხმოება საქართველოს წინააღმდეგ. მთავარი მიზეზი იყო განგრძობადი დეზინფორმაციული თავდასხმები გერმანიისა და ევროკავშირისა და საქართველოში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ. ამას დაემატა წუხილი საკანონმდებლო მიმართულებით მოვლენების განვითარებაზე. გერმანიაში 3 კვირაზე ცოტა მეტი დრო დავყავი. ვესაუბრე ყველა რელევანტურ სამინისტროს, საკმაოდ მაღალ დონეზე, ვესაუბრე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვესაუბრე პარლამენტის წევრებს და დირექტივა იყო, ნათლად დამეფიქსირებინა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის კარი ღია რჩება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არსად წასულა, ევროკავშირი იმედიანი კავშირია - თუ კანდიდატი გვშორდება, ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ ის ჯერ კიდევ შეიძლება დაგვიბრუნდეს. კარი ღიაა საქართველოსთვის, რათა ის დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ეს ჩვენი სურვილია, ეს არის ის, რაზეც უნდა ვიმუშაო და იქნება ოპტიმალური გამოსავალი. თუ საქართველო აირჩევს სხვა გზას, გერმანიამ ურთიერთობებში კორექტივები უნდა შეიტანოს, რადგან ევროკავშირში წევრობა არის რაღაც უნიკალური და განსაკუთრებული, ეს არის ინტეგრაციის უმაღლესი დონე, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ. თუ საქართველო აირჩევს სხვა გზას, ეს საქართველოს ასარჩევია, ჩვენ დაჟინებულად არ მოვითხოვთ, რომ ევროკავშირს შეუერთდეთ, მაგრამ კორექტივებს შევიტანთ, რადგან ევროკავშირში წევრობასთან შედარებით, იმ გზასთან შედარებით, რომელზეც იყავით, ეს იქნება ჩამოქვეითება, იქნება ნაკლებად ინტენსიური ურთიერთობა, ეს ცხადია და ჩვენ უკვე გვაქვს უკუსვლა. რაც უფრო მეტად უახლოვდები ევროკავშირს, ჩვენ ვამბობთ - მეტი მეტისთვის, რაც უფრო მეტად უახლოვდებით ურთიერთობებიც უფრო მჭიდრო ხდება, ყველანაირი თანამშრომლობა ძლიერდება. რაც უფრო შორდები ევროკავშირს, ნაკლებია ნაკლებისთვის. ჩემი დირექტივა მდგომარეობს ამ პროცესის ორგანიზებაში დახმარებაში - საუკეთესო განზრახვით, მაგრამ უარესისთვის მზადებით და ყველაფერთან გამკლავებით ისე, როგორც ეს არის საქართველოში. ჩვენ არ განვსაზღვრავთ საქართველოს კურსს, ჩვენ ვუყურებთ მოცემულობას და ამას ვუმკლავდებით და კიდევ ერთი დირექტივა და თხოვნა გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ იყო, რომ შეწყდეს დეზინფორმაციული თავდასხმები გერმანიაზე, ევროკავშირზე, გერმანიის ელჩზე, მაგრამ სამწუხაროდ, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება არ მოხდა,“ - განაცხადა გერმანიის ელჩმა.