რეზონანსი
11.02.2026

„არ მინდა, ასე პირდაპირ ხელი გავიშვირო ქსელებზე, მაგრამ წლიდან წლამდე „ქეშბექი“ მზარდია - ჩვენი ფასის 45% არის თვითღირებულება, 36-37% არის ქეშბექი“, - ამის შესახებ ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებელმა, ირაკლი დუმბაძემ ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„16 წელია, ბაზარზე ვართ. ძალიან მარტივი გასაგები, რომ იყოს ყველასთვის, ჩვენი ფასის 45% არის თვითღირებულება და საშუალოდ, 36-37% არის „ქეშბექი“. დანარჩენი უკვე ხარჯები, ადმინისტრაცია, დისტრიბუცია (ცენტრალიზებული გვაქვს დისტრიბუცია). წმინდა მოგება დაახლოებით 5-6%-ია. მგონი აქ ნათლად ჩანს ჩვენი პრობლემა რა არის“, - განაცხადა ირაკლი დუმბაძემ.

კითხვაზე, გადახდის ფორმები როგორია, „ლიდერფუდის“ დამფუძნებელმა უპასუხა: „გადახდის ფორმა არის 30-40 დღე, განსხვავებულია ქსელების მიხედვით ეს ყველაფერი. იქაც არის შიგადაშიგ პრობლემები, თუმცა, არა იმხელა. დაგვიანებულ ჩარიცხვებზე მაქვს საუბარი, შეძლება რამდენიმე დღე ხდებოდეს ასეთ რამ. თუმცა, რაც სახელშეკრულებო ვადებით არის გათვალისწინებული, მეტ-ნაკლებად იმ ვადებში ახერხებენ, რომ გადაგვიხადონ. თუმცა ეს თანხები საკმაოდ მოცულობითი და მსხვილი გამოდის. არ მინდა, ასე პირდაპირ ხელი გავიშვირო და ქსელებზე ცუდად გამოვიდეს, ვპარტნიორობთ და კოლეგები არიან, მაგრამ წლიდან წლამდე „ქეშბექი“ მზარდია. ამ პროცესებს გავდივართ ახლაც. ჩვენ შეიძლება ახლა აქ ვისხდეთ, აქედან გავიდეთ და კიდევ ამ „ქეშბექის“ გაზრდაზე იყოს საუბარი“, - განაცხადა ირაკლი დუმბაძემ.

მისივე თქმით, კომპანიის გაყიდვების 90-95% ორგანიზებულ ქსელზე (სუპერმარკეტებზე) მოდის.

შეგახსენებთ, რომ დღეს ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის პირველი სხდომა იმართება. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობენ ადგილობრივი ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელი კომპანიები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×