
პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს. დღეს კანონმდებლები სურსათის მწარმოებელი - ხორცის, რძის და კვერცხის - კომპანიების წარმომადგენლებს უსმენენ. სხდომაზე მსჯელობენ ბაზრის სტრუქტურაზე, ფასწარმოქმნის ჯაჭვსა და სექტორის საოპერაციო პროცესებზე. კომისიის წევრები იმედოვნებენ, რომ ღია დისკუსიის შედეგად, ყველა მხარისთვის მისაღები შედეგები იქნება მიღწეული.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პროცესში თუ იქნება რაიმე საკანონმდებლო რეგულაცია საჭირო, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამას მიიღებს.
„სამთავრობო კომისიის მუშაობისგან განსხვავებით, პარლამენტს აქვს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომ ეს იყო საჯარო, ჩვენს მოსახლეობასთან ერთად განხილვის საკითხი. ყველამ ერთად მოვისმინოთ და ვიყოთ ამ პროცესის მონაწილე. როგორც პარლამენტი, ისე სხვადასხვა რგოლის ბიზნესის წარმომადგენლები, ჩართულია პროცესში, იქნება ეს პროდუქტები, საწვავი თუ მედიკამენტები. მათთან ერთად განვიხილოთ, როგორ წარმოიშვა ფასები, სად არსებობს გამოწვევები, პრაქტიკის, კანონმდებლობის, მენეჯმენტის მხრივ - ნებისმიერ საკითხს ყველა ერთად მოვისმენთ. ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რა გზით უნდა მოვახერხოთ ის, რომ საქართველოში ფასები იყოს ადეკვატური. თუ იქნება რაიმე საკანონმდებლო რეგულაცია საჭირო, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამას გააკეთებს, თუ იქნება პრაქტიკაში რაღაც შესაცვლელი, მთავრობა გააკეთებს, თუ იქნება მეტი სოციალური პასუხისმგებლობა გამოსაჩენი, ამას ბიზნესი გააკეთებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.