რეზონანსი
10.02.2026

 გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს მადლობას უხდის. ეკა კუპატაძე იხსენებს, რომ თავის დროზე მან გვარაკიძეს გადადგომისკენ მოუწოდა, თუმცა, დღეს საქმის ასე გაკეთებისთვის მადლობას უხდის.

ეკა კუპატაძემ მედიასთან დიდ დიღომში მოქმედ დაჯგუფებაზეც ისაუბრა.

„ეს არის საზოგადოებისგან მოწოდებული ინფორმაცია. დემეტრე ჩიქოვანის ძმა გიორგი ჩიქოვანი არის ყველაფერი მთელ დიდ დიღომში. შეიძლება, დედამისი გამოვიდეს და თქვას, რომ თითქოს, მე რაღაცას ვიტყუები, რომ თითქოს, რადგან გენპროკურორის დედა და დედაჩემი თანაკლასელები იყვნენ, თითქოს, მე მას შეკვეთა მივეცი. არა, მე გენპროკურორს ქუჩიდან „გადადექი" დავუძახე. მე არ დავიხიე უკან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დედები კლასელები და მეგობრები იყვნენ და ახლა ვეუბნები მადლობას, როცა მან საქმე ასე გააკეთა და ხელში აიღო.

დიდ დიღომში არის სერიოზული დაჯგუფება. თქვენც შეხედეთ ალბათ, იმ ვიდეოებს, რომლებიც დღეს პროკურატურამ გაავრცელა. იქ არ არის ერთი, ორი და სამი ადამიანი. ბატონმა გიორგი მიქაიამ მხოლოდ ამ სამ პიროვნებაზე, იმ არასრულწლოვნებზე ისაუბრა, ვინც გიგას საქმეში ფიგურირებს, ვერც მას მოვუსმინე კარგად, ძალიან მიჭირდა. ბევრი სხვაც ფიგურირებდა, ხედავდით იმ ვიდეოებში. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას აიყვანენ და გაგრძელდება ეს საქმე, ის მოცულობითია. მე ვიცი, რომ დიდ დიღომში ამ არასრულწლოვნებს შიშის ქვეშ ჰყავთ ყველა. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მიჭირს საუბარი, სიტყვები არ მყოფნის, დღეს ძალიან მძიმე დღე მაქვს", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

გიგა ავალიანის დედა ასევე ელის საქმეზე კიდევ სხვა პირების დაკავებასაც.

„ასევე ველოდები მკვლელობის დამკვეთი გოგონას დაჭერასაც. მიუხედავად იმისა, რომ მისმა ოჯახმა მისი ტელეფონი სრულად გაასუფთავა, მე მაინც მჯერა, რომ პროკურატურა მაინც იპოვის საქმეშიც გასაღებს და ისიც მიეცემა პასუხისგებაში", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

დღეს პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტების მონაწილეობით სხვა დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია - ისინი სისტემატურად ჯგუფურად ძალადობდნენ წინასწარ შერჩეულ პირებთან. ასევე გამოქვეყნდა დანაშაულის ამსახველი კადრები, რომლებსაც ისინი თავად იღებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×