„ვფიქრობ, 2030 წლისთვის, მაღალი ეკონომიკური აღმავლობის პირობებში, შესაძლებელი გახდება, რომ საქართველოში სიღარიბე აღმოიფხვრას“
თამარ ვეფხვაძე
10.02.2026

„სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში ათჯერ შემცირდა. ასეთია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია შეფასება. პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მთავარი ამოცანა სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრაა. ამისთვის რამდენიმე წელიწადი დაგვჭირდება იმ ტემპების გათვალისწინებით, რაც ქვეყანას მშპ-ს ზრდის კუთხით აქვს. ეკონომისტებიც ფიქრობენ, რომ სიღარიბის სრულად აღმოფხვრა აბსოლუტურად შესაძლებელია, თანაც იმ პროგრესის გათვალისწინებით, რაც ბოლო წლებში გვაქვს საქართველოში და სავარაუდო დროსაც ასახელებენ.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, 2025 წელს, საქართველოში დასაქმებულთა შორის, სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი პირების დონე ახალ ისტორიულ მინიმუმადე შემცირდა და 1.4%-ს გაუთანაბრდა. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში, ორ წელიწადში, სამუშაო სიღარიბე 2.5-ჯერ, ხოლო 2012 წელთან შედარებით - ათჯერ შემცირდა. 

ორგანიზაციამ გამოაქვეყნა 2000 წლიდან 2024 წლის ჩათვლით მაჩვენებლები. ირკვევა, რომ საქართველოში სამუშაო სიღარიბის მკვეთრი შემცირება 2012 წლიდან დაიწყო. 2000-2003 წლებში სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ იყო  დასაქმებულთა  19%,  ვითარება პრაქტიკულად არ შეცვლილა 2004-2012 წლებში, რა დროსაც 17% ანუ საშუალოდ ყოველი მეექვსე დასაქმებული, სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა იმყოფებოდა. 

სიტუაცია არსებითად შეიცვალა 2013-2024 წლებში. ამ პერიოდში „სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში, საშუალოდ, 6%-ს გაუთანაბრდა. ბოლო, ანუ 2025 წლის შეფასებით, ქვეყანაში, სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა, დასაქმებულთა 1.4%-ია დარჩენილი, რაც საქართველოსთვის ახალი ისტორიული მინიმუმია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა და განულებაა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სიღარიბის შემცირებაზე, პირველ რიგში, გავლენას ახდენს ეკონომიკური ზრდა.

„ჩვენ შარშანაც შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, მცირდება სიღარიბე. იცით, რომ 2012 წელს ეს მაჩვენებელი იყო 30%, რაც ნიშნავს, რომ 2012 წელს, მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, 2024 წლის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 9.4%-ია. ვფიქრობთ, 2025 წლისაც შემცირებული იქნება საერთო კრიტერიუმების მიხედვით სიღარიბის დონე. 

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, რომ ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი იმ ტემპების გათვალისწინებით, რაც გვაქვს ეკონომიკური ზრდის კუთხით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საინტერესოა, რა პერიოდი იგულისხმა პრემიერმა და დაახლოებით როდის შესრულდება დაპირება? აკადემიკოსი ავთო სილაგაძემ "რეზონანსს" დაუდასტურა, რომ ბოლო წლებში, საქართველოში მართლაც საგრძნობლად შემცირდა სიღარიბე, რაც სწორედ ეკონომიკის განვითარებამ გამოიწვია. 

„ცხადია, როდესაც მშპ-ს ზრდის პარალელურად, შემოსავლებიც მატულობს, სიღარიბეც საგრძნობლად მცირდება. სრულად ვეთანხმები პრემიერს, რადგან ბოლო წლებში, ნამდვილად გვაქვს პროგრესი. უკიდურესი სიღარიბე, შესაძლოა, მინიმალურ დონეზე არსებობდეს და ბევრ ქვეყანაში ასეც არის, მაგრამ ამ მაჩვენებლის მინიმალურ დონეზე დაყვანა ჩვენს ქვეყანას ნამდვილად შეუძლია. 

გვაქვს ეკონომიკური ზრდა, მოსახლეობის შემოსავლები და ანაზღაურება იზრდება. არ მინდა, ისეთი სურათი დავხატო, თითქოს ყვავის ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ პროგრესი სახეზეა და ეს ვითარება, ბუნებრივია, სიღარიბის შემცირების დონეზეც აისახება. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი და წარმატებას ვუსურვებ მთავრობას“, - განუცხადა „რეზონანსს“ ავთო სილაგაძემ.  

ამ პოზიციას სრულად იზიარებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე. მან დაასახელა სავარაუდო თარიღიც, რა დროშიც ქვეყანა შეძლებს სიღარიბის სრულად თუ არა, დიდწილად აღმოფხვრას. 

„ცხადია, კონკრეტული პროგნოზი რთულია, თუმცა ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა, რომ დაახლოებით, 2030 წლისთვის, თუ ჩვენი ქვეყანა შეინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ანუ შეინარჩუნებს ისეთ ზრდას, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში, შესაძლებელი გახდება სიღარიბის აღმოფხვრა. ალბათ, სწორედ ეს წელი უნდა ავიღოთ ნიშნულად და ვფიქრობ, 4-5 წელიწადში მაღალი ეკონომიკური ზრდისა და ქვეყნის აღმავლობის პირობებში, შესაძლებელი გახდება, რომ საქართველოში სიღარიბე აღმოიფხვრას სრულად თუ არა, დიდწილად მაინც. 2030 წლის შემდეგ მოსახლეობის მხოლოდ მცირე რაოდენობა დარჩება სიღარიბის ზღვარს მიღმა იმიტომ, რომ ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის წინსვლას, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, აუცილებლად მოჰყვება პრობლემების აღმოფხვრა. 

ზოგადად, ეკონომიკის დონის ზრდა აუცილებლად უნდა გადაეცეს ქვეყნის მოსახლეობას და ეს ასეც იქნება. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მისცემს შესაძლებლობას მოსახლეობასაც და ხელისუფლებასაც, რომ 2030 წლისთვის, მიღწევადი იყოს სიღარიბის ან სრულად აღმოფხვრა, ან თითქმის ბოლომდე დაყვანა ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას გიორგი კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×