
ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე კარტელური გარიგებებისა არსებობა მთავრობამ, ფაქტობრივად, დაადასტურა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ამ საკითხით დაინტერესდნენ, იძლევა საფუძველს, რომ ხელისუფლება კარტელებთან ბრძოლას დაიწყებს და ფასების კლების რეალური შესაძლებლობა გაჩნდება. განსაკუთრებით ეს ეხება მედიკამენტებისა და სურსათის ფასებს. მართალია, ამ მიმართულებით ბოლო წლებში საწვავის ბაზარზე არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა სპეციალისტები კარტელის ნიშნებს ამ სეგმენტშიც ხედავენ.
საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზად არიან, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინონ და იზრუნონ ფასების შემცირებაზე.
„დავიწყებ საწვავით, სადაც შედარებით მსუბუქია მდგომარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ფასები არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, თუმცა აქაც კი მიგვაჩნია, რომ არსებობს ფასების შემსუბუქების რესურსი. მედიკამენტების ნაწილში არის ერთგვარი შუალედური მდგომარეობა. აქ, ორიოდე წლის წინ შემოღებული იქნა ე.წ. რეფერენტული ფასი, რამაც შეამცირა რამდენიმე ათასი სახეობის მედიკამენტის ღირებულება, თუმცა აქაც მიგვაჩნია, რომ სხვადასხვა მიმართულებით კვლავ შესაძლებელი ფასის კლება.
ყველაზე რთული მდგომარეობა არის სურსათის მიმართულებით. ბევრად უფრო ძვირია საქართველოში პროდუქტი ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. კონკრეტულ პროდუქტებზე არის, მაგალითად, 50%-ით უფრო მაღალი ფასი საქართველოში, 2-ჯერ, ზოგჯერ 3-ჯერ მაღალიც არის მაშინ, როდესაც ხელფასი შესაბამის ქვეყნებში შეიძლება, იყოს ორჯერ და სამჯერ მეტი. არის კონკრეტული პრობლემები, რაც განაპირობებს მაღალ ფასნამატს დისტრიბუციისა და შემდეგ სავაჭრო ქსელების დონეზე. ჩვენ დავინტერესდებით, ხომ არ აქვს ადგილი კონკრეტულ კარტელურ გარიგებებს, ეს იქნება ჩვენი შესწავლის საგანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ მთავრობის პარალელურად იმუშავებს პარლამენტის შესაბამისი კომისია.
იმის გამო, რომ სასურსათო ბაზარი რამდენიმე იმპორტიორისა და ბიზნესმენის ხელშია, დადებითი გავლენა ჯერჯერობით მინიმალურ დონეზეც არ იგრძნობა. თანაც ეს ხდება მაშინ, როცა მსოფლიოში ფასების პიკური პერიოდი გადავლილია და რიგ ბაზრებზე გაიაფების აშკარა ნიშნებია, მათ შორის სტრატეგიულ პროდუქტებზეც, სამწუხაროდ, საქართველო ამ ტრენდს აცდენილია.
ეკონომისტი დავით ჩიხელიძე იმედოვნებს, რომ მთავრობა ყველა შესაძლო ზომას მიიღებს კარტელური გარიგებების გამოსააშკარავებლად და ფასების კლების რეალურ პრეცენდენტს შექმნის.
,,ზოგადად სამთავრობო კომისიის შექმნა ნიშნავს, რომ პრობლემა სწორად არის დანახული და გამოინახა გზა, რაც ფასების შემცირების შესაძლებლობას შექმნის. კარტელური გარიგების ნიშნებია ყველგან, ფაქტია, რომ არ არის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია. ეს ეხება ფარმაციას, სურსათის სფეროს და საწვავის ბიზნესსაც, პრობლემა ცალსახაა. ფასი დგინდება შეთანხმებით, ამის დანახვა კვლევის გარეშეც შესაძლებელია. ერთი კონკლრეტული კომპანია აწესებს ფასს და ამით ხელმძღვანელობს ყველა. კომისიაც ამიტომ არის საჭირო, რომ მსგავსი ფაქტები საფუძვლიანად შეისწავლონ. კონკურენცია თვალის ასახვევადაა, რასაც დღეს ბიზნესი აკეთებს, არის მოსახლეობის ძარცვა, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
ფარმაცევტულ ბაზარზე თითქმის 7000 მედიკამენტზე ფასს აწესებს სახელმწიფო, მაგრამ კიდევ ბევრია სამუშაოა, ასევე სურსათსა და საწვავის ბიზნესში. რეალურად ფასის შემცირების შესაძლებვლობა არსებობს, მაგრამ არ აკლებენ, მთავრობამ ნაბიჯი გადადგა, ეს ჩარევა აუცილებელია, რა ვალდებულებაც მას აქვს აღებული მოსახლეობის წინაშეც.
ბევრ პროდუქციაში ძალიან მაღალი ფასნამატია. თუმცა თუ პატიოსანი თამაშის წესებით იხელმძღვანელებენ, მარტივია გზების გამონახვა, რაც პროდუქციას გააიაფებს. მგონია, რომ გააქტიურდება მუშაობა და რამდენიმე თვეში, გაზაფხულის ბოლოს, მაქსიმუმ, ზაფხულის დასაწყისში დადგება ის შედეგი, რასაც მოქალაქეები იგრძნობენ", - აღნიშნა დავით ჩიხელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით სპეციალისტები წლებია საუბრობენ. ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი ფიქრობს, რომ არსებული მდგომარეობა მხოლოდ მკაცრი რეგულაციით გამოსწორდება, თუმცა ჯერჯერობით პრობლემა ასე მარტივად მოსაგვარებელი არ არის და შიძლება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ გადაიჭრას.
,,სურსათია, მედიკამენტი თუ საწვავი, აშკარაა ოლიგოპოლიური და მონოპოლიური კომპანიების გავლენა, რაც განაპირობებს ფასების მაღალ დონეზე შენარჩუნებას ან ზრდას. ხშირად ამბობენ, რომ ადგილობრივი ბაზარი საერთაშორისო ბაზრების გავლენას განიცდის, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. როდესაც გლობალური მასშტაბით ფასი იცვლებოდა და აშკარა იყო გაიაფების ტენდენცია, ჩვენთან მაშინაც ვერ იკლებდა, რაც ერთ-ერთი ინდიკატორია, რომ ბიზნესი კარტელური გარიგებებით მოქმედებს.
კარგია, რომ დაიწყო ამ საკითხის მოკვლევა, თუმცა ასე მცირე დროში ვერ მოგვარდება. რესურსი, რა თქმა უნდა, არის, თუ იქნება კონკურენცია და თავისუფალი ბაზარი, ჩვენ მივიღებთ კონკურენტულ ფასს. რა თქმა უნდა, გლობალურ ტენდენციებს და მოვლენებსაც ექნება ზეგავლენა, მაგრამ ასეთი ტემპით მაინც ვერ მოხერხდება ცვლილება. რაც ახლა ხდება სრული კატასტროფაა და მოსახლეობა ზარალდება.
მთავრობას ახალი არაფერი უთქვამს, მაგრამ აქამდე რატომღაც ვერ გამოინახა გზა ამ პრობლემასთან საბრძოლველად. მაღალ დანახარჯს ხალხი უკვე ვეღარც უმკლავდება. ეს ეხება ყველა სფეროს, გამიჭირდება, რომელიმე გამოვყო. ისეთ ღარიბ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, სოციალური გარანტიები მაღალ დონეზე უნდა იყოს, მაგრამ ბევრი დამაბრკოლებელი გარემოებაა.
არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების კარტელური გარიგებების შედეგად ყველა ზარალდება - ქვეყანაც და ხალხიც. ყველა დადასტურებულ ფაქტზე მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს. ამისთვის გვყავს მთავრობა, რომ მოსახლეობის ინტერესები დაიცვას “, - აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, კომისიის წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" პრემიერის შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა, შემდეგ კი ნავთობკომპანიის წარმომადგენლებთან. პარალელურად მუშაობას შეუდგა საპარლამენტო კომისია, რომელიც 14 დეპუტატისგან დაკომპლექტდა.