2025 წელს გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობაც შემცირდა
ირმა ჩიტაია
09.02.2026

ანაზღაურების საკითხი საქართველოს შრომით ბაზარზე კვლავ გამოწვევად რჩება. საჯარო სექტორისაგან განსხვავებით, სადაც ხელფასები კანონმდებლობის შესაბამისად ყოველწლიურად 10%-ით იზრდება, კერძო სექტორში, რთული მდგომარეობაა. 2024 წელს ანაზღაურება რაღაც დონემდე გაიზარდა და მას შემდეგ პროცესი საგრძნობლად შენელდა. პარალელურად კი, ქვეყანაში ინფლაცია მზარდია. წელსაც მისი მაჩვენებელი მაღალია და ხალხი სიძვირეს უჩივის. 

ამ ფონზე საინტერესოა, რამდენად ითხოვენ დასაქმებულები ხელფასის ზრდას და რამდენად მზად არიან დამსაქმებლები ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად? სპეციალისტების აზრით, ინფლაციის პარალელურად დამსაქმებლები შეძლებისდაგვარად ახერხებენ ანაზღაურების კორექტირებას და ამ მიმართულებით პრობლემები არ არის.  

მცირე და საშუალო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის მიხეილ ჭელიძის ინფორმაციით, ამ არსებული ტენდენცია დამაკმაყოფილებელია და საკითხს, ზოგადად ბაზარი არეგულირებს.

,,ანაზღაურების საკითხს ბიზნესში სახელმწიფო სტურქტურებისაგან განსხვავებით, ბაზარი არეგულირებს. მოგეხსენებათ, ბოლო 2-3 წლის  განმავლობაში, ქვეყანაში ინფლაცია მზარდია. შესაბამისად, დასაქმებული ბიზნესისგან ხელფასის კორექტირებას ითხოვს. პარალელურად, კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც მატულობს, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს. ოფიციალური მონაცემებით, ამ მიმართულებით, წინა წელთან შედარებით, საშუალოდ, 20-25 ათასით მატებაა. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. 

მთლიანობაში კარგი მდგომარეობაა. საშუალო ხელფასიც მზარდია და დასაქმებულთა რაოდენობაც. დღეს შრომითი ბაზარი უფრო დეფიციტურია. მიწოდება ნაკლებია, ვიდრე მოთხოვნა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მუშახელის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწიებით ანაზღაურებაც შესაბამისია. შეიძლება ვიღაცას მოლოდინი და მადა მეტი ჰქონდეს იმისა, რომ ანალოგიურ სამსახურში საზღვარგარეთ მეტს იხდიან, მაგრამ ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ანაზღაურება თითქმის ნორმალურია. ბიზნესი მაინც უწყობს ფეხს შექმნილ ვითარებას,"- განაცხადა მიხეილ ჭელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

მისივე შეფასებით, არსებულ მდგომარეობას მიმდინარე განათლების რეფორმაც ხელს შეუწყობს და გრძელვადიან პერიოდში სურათი რადიკალურად შეიცვლება.

,,არსებულ მდგომარეობას განათლების რეფორმაც მნიშვნელოვნად გამოასწორებს. პროფესიულ სასწავლებელზე მიმართვიანობის გაზრდაც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მე-12 კლასის ნებაყოფლობითობას, ესეც მისასალმებელია. ისინიც უფრო მალე ისწავლიან და ჩაერთვებიან ეკონომიკურ საქმიანობაში. 

გამომდინარე აქედან, უახლოეს მომავალში, ბიზნესის სექტორში კვალიფიციური მუშახელის ზრდას უნდა ველოდოთ. ასეთ კადრებს ახლაც ღირსეულ ანაზღაურებას თავაზობს ბიზნესი. ყველაფერს თან ერთვის ისიც, რომ  სტაჟირებაც ანაზღაურებადი გახდა და პრობლემა არ არსებობს. ის, რომ ვიღაცა ამტკიებდეს, რომ "მონურ შრომაში ვარ", ასე არ არის", - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ჭელიძემ.

საინტერესოა რა ვითარებაა ვაკანსიების მიმართულებით და რას სთავაზობენ დამსაქმებლები სამუშაოს მაძიებლებს, იკვეთება თუ არა ბაზარზე კადრებზე მოთხოვნა? ამ კუთხით სფეროში მდგომარეობა არასახარბიელო იყო. დასაქმებულების მხრიდან არაერთხელ გაისმა საყვედურები გაწეულ სამსახურსა და  შეუსაბამო ანაზღაურებას შორის.

ეიჩარ.გე-ს რეგიონალური დირექტორი ინგა შახბაზიანმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ამ კუთხით იანვრის თვე აქტიურობით არ გამოირჩეოდა, ხოლო რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, მცირედით მატება შეინიშნება. 

,,ვაკანსიების ზრდას რაც შეეხება იანვრის თვე ამ მხრივ პასიურია, ხოლო მიმდინარე პერიოდს თუ გავითვალისწინებთ, მცირეთი მატება გვაქვს.  მოგეხსენებათ, შარშან ამ კუთხით კლება დაფიქსირდა. 2025 წელი  2024-თან შედარებით 7%-იანი შემცირებით დავასრულეთ. სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, მათი რიცხვი არ გაზრდილა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. 

რაც შეეხება ანაზღაურებას, სამწუხაროდ, ვერ ვისაუბრებ, რადგან ვაკანსიების უმეტესობაში ეს მონაცემი არ არის მითითებული. ამიტომ რა ანაზღაურებას სთავაზობენ დასაქმების მსურველებს, ვერ გეტყვით. 

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია სამუშაოს მაძიებელთა მხრიდან. ძალიან ხშირად მოთხოვნაა ანაზღაურების მითითების კუთხით. თუმცა ეს საკითხი ჩვენზე არ არის დამოკიდებული. თუმცა ბოლოდროინდელი ტენდენციით უნდა აღინიშნოს, რომ დამწყებ ვაკანსიებზე ბვევრმა  კომპანიამ უკვე დაიწყო ხელფასის მითითება. ამით  კონკურენციას უწევენ  ერთმანთს და ხიბლავენ კანდიდატებს. საშუალო და მაღალ პოზიციებზე თითქმის არასდროს  ქვეყნდება ანაზღაურების ოდენობა. ალბათ  კონფინდენციალობის გამო არ უთითებენ ხელფასს და შემდეგ უშუალოდ კანდიდატთან თანხმდებიან", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" შახბაზიანმა. 

რაც შეეხება ოფიციალურად არსებულ მონაცემებს და ბოლოდროინდელ ტენდენციებს, 2025 წელს 2021 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც 600 ლარამდე ხელფასს იღებდა მაშინ, როცა იმ პირთა რაოდენობა, ვინც 2400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფას იღებდა, თითქმის გაორმაგდა. ანაზღაურების ზრდა, ძირითადად, 1200-დან 2399 ლარამდე და 2400 ლარზე მეტი შემოსავლის ვაკანსიებზე მოდიოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×