
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აღარ გაერთიანდება, თუმცა, უმაღლესი განათლების კონცეფციის თვალსაზრისით არაფერი იცვლება, რომლის ფარგლებშიც, "ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის" პრინციპის შესაბამისად, სტუ გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აკადემიური წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე სტუდენტებს აღარ მიიღებენ და ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები მომავალი ორი წლის განმავლობაში მილევად რეჟიმში დარჩება.
პრემიერმა აღნიშნულ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სპეციალური ბრიფინგი 9 თებერვალს გამართა. მანამდე ის სტუ-ის რექტორსა და პროფესპრ-მასწავლებლებს შეხვდა.
თსუ, სტუ და უმაღლესი განათლების კონცეფცია
პრემიერ-მინისტრის თქმით, სტუ-ს რექტორსა და პროფესორებთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპის შესაბამისად სტუ გარდაიქმნება "წმინდა ტექნიკურ" უნივერსიტეტად.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. გარდა ამისა, ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად.
"შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა სტუშ-ში. ასევე, სტუ-ში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 90-იან წლებამდე არ შედიოდა სტუ-ს სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არ მქონდე სასწავლო პროგრამები მომდევნო 2 წლის განმავლობაში სტუ-ში დარჩება მილევად რეჟიმში", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ზოგადად, უმაღლესი განათლების სისტემის წინაშე საქართველოში არის უამრავი პრობლემა და გამოწვევა. პრემიერმა ისაუბრა ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგებზე.
"ქართველმა სტუდენტმა უნდა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე ის იღებს დღეს. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, ბოლოს დავდივართ აქამდე. ამას სჭირდება შესაბამისი ინსტიტუციური ცვლილებების და რაც მთავარია, შემდეგ უკვე შინაარსობრივი ცვლილებები,რომლებიც უკავშირდება უშუალოდ სასწავლო პროგრამების გაუმჯობესებას, სახელმძღვანელოების დახვეწას კადრების მომზადება, გადამზადებას და ა.შ."- განაცხადა კობახიძემ.
- კობახიძე:"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. გარდა ამისა, ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად".
უნივერსიტეტის შენობები და საკადრო საკითხი
კობახიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ის შენობა შენარჩუნდება არსებული აკადემიური დატვირთვით. განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში არ განიხილება პირველი და მეორე კორპუსების საკითხი, რადგან ეს შენობები თსუ-ს იდენტობის განუყოფელი ნაწილია. მისივე განცხადებით, ცვლილებები არ შეეხება არც სამედიცინო უნივერსიტეტის შენობებს და ყველაფერი არსებული სახით დარჩება.
რაც შეეხება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობებს, პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართება უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და აკადემიურ საბჭოსთან. მისივე განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე და საერთო შეთანხმებით იქნება მიღებული.
- ირაკლი კობახიძე: "თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით"
"საერთოდ მოვერიდები ამასთან (საკადრო საკითხთან)დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას. რაც შეეხება აკადემიურ პერსონალს, ჩვენი დამოკიდებულებაა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ აკადემიურ პერსონალზე. სტუ-ში ჰუმანიტარული მიმართულებები მილევად რეჟიმში რჩება, შესაბამისად, შესაბამისი აკადემიური პერსონალი რჩება.
"რაც შეეხება ამ პროგრამების დასრულებას, ამის შემდეგ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ აკადემიურ პერსონალზე.საქართველოში მთლიანობაში არის 6000 პროფესორ-მასწავლებელი, რომელიც მუშაობს უმაღლეს განათლების სისტემაში. აქედან, მაქსიმუმ 1000 არის, ვინც მთლიანად არის დამაგრებული უმაღლეს სასწავლებლებში, დანარჩენი შეთავსებით არასრულ განაკვეთზე მუშაობს.
"აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს დეფიციტი, ამიტომ არა თუ შემცირებაზე შეიძლება იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში მუშობისთვის. შესაბამისად, შეგვიძლია გავცეთ პირობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნებთ აკადემიურ პერსონალზე, ყველა უნივერსიტეტში. გამომდინარე იქიდან, რომ აღარ ცხადდება შერწყმა - უნივერსიტეტები რჩებიან, ლექტორებიც რჩებიან",- განაცხადა კობახიძემ.
აშშ-სთან ურიერთობის განახლების პერსპექტივა
პრემიერმა სხვა საკითხებზეც ისაუბრა, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და მიხეილ ყაველაშვილს შორის შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება.
"რა თქმა უნდა, ეს გზავნილი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ჩვენი განაცხადი ცნობილია, ჩვენი სურვილია სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ პარტნიორობა აშშ-თან. აღვადგინოთ ის სტრატეგიული პარტნიორობა, რაც წინა ადმინისტრაციამ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად და კულმინაციის სახით შეწყვიტა საქართველოსთან.
"რუბიოს ეს გზავნილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, ჩვენი მხრიდან გამოხატული იქნება სრული ღიაობა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით",-აღნიშნა პრემიერმა.
ევროკავშირი
პრემიერი ამბობს, რომ დღეს "ევროკავშირი მიგრაციის კუთხით დღეს სერიოზული პრობლემების წინაშე დგას - რეალურად ევროპულმა ბიუროკრატიამ, მათ შორის აბსოლუტურად გაუმართლებელმა მიგრაციულმა პოლიტიკამ, ევროკავშირი აქამდე თავად მიიყვანა".
"შეიცვალა ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ. ევროპელი ბიუროკრატები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი უნდა დაიწყოს - სადაც რუსეთთან აპირებენ პირდაპირი დიალოგის დაწყებას, იქ ალბათ საქართველოს "პრორუსულ ხელისუფლებასთან" მოუნდებათ, ასევე დიალოგის დაწყება.
"ამ მცირე გადახვევით ორმაგ სტანდარტებზე მინდა ხაზგასმა. დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში ორმაგი სტანდარტი არის სერიოზული პრობლემა. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი ამ მხრივ სერიოზულ პრობლემებს დაძლევს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.