
საქართველოს მთავრობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის.
შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ბრიფინგამდე ირაკლი კობახიძე სტუ-ის რექტორსა და პროფესორ - მასწავლებლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპის შესაბამისად სტუ გარდაიქმნება "წმინდა ტექნიკურ" უნივერსიტეტად.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. გარდა ამისა, ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა სტუ-ში. ასევე, სტუ-ში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 90-იან წლებამდე არ შედიოდა სტუ-ს სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არ მქონდე სასწავლო პროგრამები მომდევნო 2 წლის განმავლობაში სტუ-ში დარჩება მილევად რეჟიმში“, - განაცხადა კობახიძემ.