მარიამ ვეკუა
09.02.2026

ევროპის კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების სამეულში მოხვედრა - ასეთ ამბიციურ მიზანს ასახელებს საქართველოს ხელისუფლება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებსა და გამჭვირვალობის გაძლიერებაზე აკეთებს აქცენტს, პარალელურად კი საუბრობს სახელმწიფო ინსტიტუტების ერთიანობაზე, „გარე ზეწოლის" წინააღმდეგობაზე და ქვეყნის „თავსმოხვეული პოლარიზაციისგან" გათავისუფლების აუცილებლობაზე.

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, რომ ქვეყანა მოხვდეს ევროპის სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით.

„ღიად ვისაუბრეთ იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდებოდა კორუფციას და რაც მთავარია, არა მხოლოდ ვისაუბრეთ, არამედ მივიღეთ კონკრეტული ზომები და აქ არ ვგულისხმობ მარტო გამოძიების დაწყებას კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ, მთავარი იყო პრაქტიკის მოწესრიგება.

თავიდანვე მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც კი დაკომპლექტდა ახალი მთავრობა - სამთავრობო აქტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის შესახებ. მას შემდეგ ათიათასობით სამთავრობო აქტია გამოქვეყნებული. ჩვენ დავისახეთ ძალიან ამბიციური მიზანი, რომ ევროპის სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ნაბიჯებით, რაც უკვე გადაიდგა და რაც მომავალშიც გადაიდგმება, ვფიქრობთ, რომ ეს მიზანი აბსოლუტურად მიღწევადია", - განაცხადა წუხელ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან".

„გუნდი არის ერთიანი როგორც არასდროს"

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ყველა კონსტიტუციური ორგანო და სახელმწიფო დაწესებულება მოქმედებს ერთი კონკრეტული ინტერესით, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს ქვეყნის განვითარება და მოსახლეობის ინტერესების დაცვა.

„გუნდი არის ერთიანი, როგორც არასდროს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენ გვაქვს ბოლო პერიოდის განმავლობაში. იყო ზეწოლა სხვადასხვა ინსტიტუტთან მიმართებით. მაგალითად, მინდა, ეროვნული ბანკის შემთხვევა გავიხსენო, როდესაც, მათ შორის, ევროპული ბიუროკრატია ითხოვდა პარლამენტისგან, რომ არ დაეკომპლექტებინა ეროვნული ბანკის საბჭო. როგორ შეიძლება, ასეთი მოთხოვნით გამოხვიდე დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ?

ჩვენ არ გავითვალისწინეთ ევროპული ბიუროკრატიის ეს მოთხოვნა. შედეგად მივიღეთ ის, რომ პირველად ისტორიაში 6 მლრდ დოლარს გადასცდა ჩვენი სავალუტო რეზერვები, ლარის კურსი გამყარდა და წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ამ შემთხვევაში ევროპული ბიუროკრატიისთვის, მაშინ მართლაც ახდებოდა ის პროგნოზები, რომლებსაც ე.წ. ექსპერტები აკეთებდნენ მათივე დაკვეთით. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ დროს ბოლომდე უნდა დავიცვათ ხოლმე ჩვენი სახელმწიფო ინტერესები.

„გამჭვირვალობის შესახებ კანონი"

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტულმა სუბიექტებმა სცადეს „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გვერდის ავლა, მათ შორის ევრობიუროკრატიის წარმომადგენელმა საჯაროდ განაცხადა, რომ ეძებენ გზებს კანონის გვერდის ავლისთვის

  • კობახიძე:„ნებისმიერ ვითარებაში, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს დანაშაულებრივი ქმედებები, ჩვენ ვართ მოწოდებულები, რომ მაქსიმალური ჰუმანურობით და ასევე ეფექტიანობით ვიმოქმედოთ"

„მნიშვნელოვანია, ნებისმიერი კანონი იყოს ეფექტური და ეფექტიანი. მოხდა ისეთი რამ, რომ კონკრეტული ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ საზღვარგარეთ, მაგალითად ესტონეთში. ისინი აცხადებდნენ, რომ სტიგმატიზაცია იყო მთავარი პრობლემა ამ კანონში და არ სურდათ, რომ ჰქონოდათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსი და ამ დროს თავად დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური ძალა. აქედან ჩანს, როგორი ყალბი იყო ის დისკუსიები, რომლებიც სტიგმატიზაციასთან და ზოგადად ამ კანონის გარშემო წარიმართა მათი მხრიდან. კანონი უნდა მუშაობდეს მაქსიმალური ეფექტურობით და ზუსტად ამას ემსახურება ეს დამატებითი ცვლილებები, რომლებიც ხორციელდება კანონმდებლობაში.

„დაანონსებული იყო ქვეყნის დამხობა"

დაანონსებული იყო ხელისუფლების დამხობა, ევროპულმა ბიუროკრატიამ ამასაც კი გამოუცხადა პირდაპირი მხარდაჭერა კონკრეტული სპიკერის სახით. ჩვენ დიდი წარმატებით ვიმოქმედეთ და მადლობა ეკუთვნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს, გეკა გელაძეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან" ინტერვიუში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისი სპეციალური ოპერაცია ყოველგვარი ზიანის გარეშე წარიმართა და მაქსიმალური სიფრთხილით მოხერხდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევა.

„ნებისმიერ ვითარებაში, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს დანაშაულებრივი ქმედებები, ჩვენ ვართ მოწოდებულები, რომ მაქსიმალური ჰუმანურობით და ასევე ეფექტიანობით ვიმოქმედოთ. ეს აჩვენებს სახელმწიფოს სიძლიერესაც. აქაც გუნდის ერთიანობა არის მნიშვნელოვანი. ხაზს გავუსვამ იმას, რომ გუნდი არის ერთიანი და ძლიერი, როგორც არასდროს და ეს არის მთავარი გარანტი იმისა, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება მომავალშიც", - განაცხადა პრემიერმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×